„ეს პირველი შემთხვევაა, თუ სხვაც არის ცნობილი, საერთაშორისო უწყება გვეტყვის" - გაბუნია გარდაცვლილი ექთნის შემთხვევაზე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას დღეს გამართულ ბრიფინგზე „ასტრაზენეკას” ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვალების სტატისტიკის შესახებ ჰკითხეს.

როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, ძირითადად, გარდაცვალების შემთხვევების დროს საუბარი იყო სავარაუდოდ თრომბოემბოლიურ გართულებებზე, თუმცა აღნიშნული არ დადასტურებულა. გაბუნიას თქმით, მისთვის ცნობილი არ არის „ასტრაზენეკაზე” ანაფილაქსიური შოკით გარდაცვალების ფაქტები.

„ეს ინფორმაცია ასე ფართოდ ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, რამდენიმე ფაქტი [გარდაცვალების] მოხდა ბოლო პერიოდში. უფრო ხშირად ასეთ ფაქტებს უკავშირებდნენ, სავარაუდოდ, თრომბოემბოლიურ გართულებებს, რაც ჯერჯერობით არ დადასტურდა. ჩემთვის ცნობილი არ არის „ასტრაზენეკაზე” ანაფილაქსიური შოკით გარდაცვალების ფაქტები”, – განაცხადა მან.

შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ საქართველოში გარდაცვლილი ექთნის შემთხვევა იყოს მსოფლიოში პირველი, გაბუნია პასუხობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია შესაბამისი საერთაშორისო უწყებების პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი.

„ჩვენ გავაგზავნით ამას გლობალური ანგარიშგების ერთეულში, სადაც მოხდება ანალიზი და შემდეგ მოგვცემენ პასუხის, ეს არის პირველი შემთხვევა, თუ მათთვის მანამდეც იყო ცნობილი სხვა შემთხვევები”, – განაცხადა გაბუნიამ.


ახალციხეში 27 წლის ექთანი, რომელიც ვაქცინაციიდან 30 წუთში, სავარაუდოდ, ალერგიულ ფონზე დამძიმდა, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, გუშინ 4 საათისთვის სამინისტროში შევიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აცრის შემდგომ პერიოდში სამედიცინო პერსონალს ახალციხის „იმედის“ კლინიკაში სავარაუდო გვერდითი რეაქცია დაუფიქსირდა, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ვაქცინაციასთან.

„ამდენად დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. როგორც ეს ხდება გვერდითი მოვლენების მართვის პროტოკოლის შესაბამისად, რეგულირების სააგენტომ დაიწყო შესწავლა, იმისთვის, რომ დადგინდეს მიზეზშედეგობრივი კავშირი, დამდგარ მდგომარეობასა და ვაქცინაციას შორის“, – თქვა გაბუნიამ.