„ეს პრემიერის პრეროგატივაა და არა რომელიმე აქტივისტის" - თურნავა მისი გადადგომის მოთხოვნაზე

პუბლიკა

„ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა და არა რომელიმე აქტივისტის მიერ აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნა”, – ასე ეხმაურება ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე მოძრაობის მოთხოვნას მისი გადადგომის შესახებ.

ამასთან, როგორც თურნავამ აღნიშნა, აქცია გასცდა ეკოლოგიურ საკითხებს და ადგილზე პოლიტიკური მოთხოვნები ისმოდა.

„პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ ეს საპროტესტო მოძრაობა სულ უფრო რადიკალური ხდება, რადიკალიზაციისკენ მიდის და ამის დასტურია, რომ გუშინდელ აქციაზე გაისმოდა წმინდა პოლიტიკური მოთხოვნები, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს ეკოლოგიასთან, პროექტთან დაკავშირებულ საკითხებთან, წმინდა პოლიტიკური მოთხოვნები და რა საკვირველია, ჩვენთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენა.

რაც შეეხება გადადგომას ან დანიშვნას, ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს მთავრობის წევრის გადაყენება ან დანიშვნა, ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა და არა რომელიმე აქტივისტის მიერ აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნა. მაგრამ მაინც მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეთავაზებები და გადაწყვეტილებები მივაწოდეთ მოსახლეობასაც და ექსპერტებსაც“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ნამახვანჰესის წინააღმდეგე მოძრაობის მოთხოვნებია:
  • „გაუქმდეს განკარგულება, რის საფუძველზეც, კომპანია „ენკას” საკუთრებაში და ასევე, სარგებლობის უფლებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტერიტორიები გადაეცა;
  • გაუქმდეს ნამახვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  • კომპანია „ენკა რინიუებლზმა” დატოვოს რიონის ხეობა“;
  • გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა”.