ეს პუტინის გააზრებული პროვოკაციაა - უკრაინის დაზვერვის სამსახური

პუბლიკა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის სპიკერის, ანდრიი იუსოვის განცხადებით, რუსეთში მომხდარი პუტინის გააზრებული პროვოკაციაა. აღნიშნულის შესახებ სპიკერმა „უკრაინსკაია პრავდას“ უთხრა.

„ეს პუტინის სპეცსამსახურის გააზრებული პროვოკაციაა, რომელზეც საერთაშორისო საზოგადოება გვაფრთხილებდა. კრემლის ტირანმა საკუთარი კარიერა ასე დაიწყო და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი მსგავსი დანაშაულებით სურს დასრულება“, – განაცხადა მან.

მომხდარში მონაწილეობას უარყოფს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვნელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი.

„მოდით დავაფიქსიროთ: უკრაინას ნამდვილად არანაირი კავშირი არ აქვს ამ მოვლენებთან,” – განაცხადა პოდოლიაკმა.

რუსული მედიის ცნობით, მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში სულ მცირე, სამმა პირმა ცეცხლი გახსნა. როგორც მედია წერს, თავდამსხმელებმა ასაფეთქებელი მოწყობილობაც აამოქმედეს, რის შედეგადაც ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

დაღუპულია 40 და დაჭრილია 100-ზე მეტი.

თავდასხმა ჯგუფ „პიკნიკის“ კონცერტის დროს მოხდა.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება როგორც თავდამსხმელთა, ასევე დაშავებულთა ვიდეოკადრები.

რუსეთის საგარეო უწყებამ მომხდარი ტერაქტად შეაფასა.

არსებული ინფორმაციით, საკონცერტო დარბაზზე სპეცრაზმმა შტურმი მიიტანა.