„ეს საკითხი შესაძლოა დაბრუნდეს განხილვაში“ – გაბუნია კოვიდგადატანილებისთვის უვადო „მწვანე პასპორტზე“

პუბლიკა

კოვიდგადატანილებისთვის უვადო „მწვანე პასპორტის“ მინიჭებაზე გადაწყვეტილება შესაძლოა, გადაიხედოს. – განაცხადა იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, ახალი საფრთხეების გათვალისწინებით, შესაძლოა, ამ საკითხზე სხვა გადაწყვეტილება მიიღონ.

„გადატანის სტატუსი რამდენად შეიძლება ჩაითვალოს უვადოდ და უნდა ჰქონდეს თუ არა  პირს შესაძლებლობა, რომ ჩაითვალოს ეპიდუსაფრთხოდ, პირველი დღიდანვე გახდა დავის საგანი ექსპერტების ჯგუფში. დღევანდელი მდგომარეობით, ამ სახით გვაქვს მიღებული ეს გადაწყვეტილება, თუმცა სამომავლოდ ახალი საფრთხეების გათვალისწინებით და ექსპერტთა რეკომენდაციით (ასევე, შესაძლოა, გაჩნდეს ახალი მეცნიერული საფუძველი), ეს საკითხი შეიძლება, დაბრუნდეს განხილვაში და მივიღოთ ალტერნატიული გადაწყვეტილება.“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში დღეიდან „მწვანე პასპორტი“ ამოქმედდება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეს მწვანე სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში, თუ ის აკმაყოფილებდეს შემდეგი კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს:

  • არის სრულად ვაქცინირებული;
  • გადატანილი აქვს Covid-19 და ვირუსის დადასტურებიდან გასულია 14 დღე;
  • ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;
  • ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;