ეს სია ისეთი აბსურდულია, შეიძლება, ხვიჩა კვარაცხელია ჩაწერონ და თორნიკე შენგელია - კობახიძე

პუბლიკა

„ეს სია ისეთი აბსურდულია, შეიძლება, ჩემი გვარიც ნახოთ და შეიძლება, ხვიჩა კვარაცხელია ჩაწერონ და თორნიკე შენგელია, მე არ ვიცი. აბსურდულია. ვხუმრობ, როგორც ხედავთ“, – „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უპასუხა შეკითხვას, მოელის თუ არა უკრაინის ანტიკორუფციული საბჭოს მიერ დასასანქცირებელთა სიაში საკუთარი გვარის ხილვას.

კობახიძის თქმით, როგორი სია უნდა დაიდოს უკრაინის მხრიდან, ყველა მცდელობა წარუმატებელი იქნება.

ირაკლი კობახიძემ უკრაინელებს საკუთარ ქვეყანაში კორუფციის აღმოფხვრისკენ მოუწოდა და დასასანქცირებელთა სია კვლავ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მიზნით შანტაჟის კონსპირაციულ თეორიას დაუკავშირა.

მმართველი გუნდის ლიდერის განცხადებით, თუ ვინმეს ჰგონია, რომ შანტაჟით ქვეყანა ომში ჩაერთვება, მათი მცდელობა წარუმატებელია.

კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შესაძლებელია, ჩატარდეს პლებისციტი და ხალხს ჰკითხონ, სურთ თუ არა ომში ჩართვა.

იმ ადამიანების სიას, რომლებიც, კობახიძის მტკიცებით, საქართველოს ომში ჩართვას მოითხოვენ [არახამია, დანილოვი, პოდოლიაკი], დღეს ხატია დეკანოიძეც დაამატა.

„ომის პარტიას თუ გაჰყვება ქართველი ხალხი, ვიმსჯელოთ ერთად. მაგრამ ხალხი თუ ეთანხმება ჩვენს პოზიციას, რომ ომი არ უნდა იყოს, მაშინ ასე გავაკეთოთ“, – თქვა მან.

შეკითხვაზე, დაწესდება თუ არა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები, კობახიძე პასუხობს, რომ არაფორმალური სანქციები შანტაჟის ეფექტური მექანიზმი შეიძლება იყოს, თუ ადამიანი ფულის გამო სახელმწიფოს წინააღმდეგ წავა, მაგრამ, მისი თქმით, ივანიშვილი ასე არ მოიქცა.

„ფორმალური სანქციები ნაკლებად ეფექტურია შანტაჟისთვის, პერსპექტივა, მგონი, არის მცირე. დაველოდოთ“, – თქვა კობახიძემ.


უკრაინული პლატფორმის „Війна і санкції” ვებგვერდზე, რომელიც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ანტიკორუფციული სააგენტოს სანქცირების ჯგუფის მხარდაჭერით ხორციელდება, ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა დასასანქცირებელთა სიაში მოხვდნენ.