დაშანტაჟების მიზანი რომ არის II ფრონტი, ეს თქვან პირდაპირ კაცურად - კობახიძე

პუბლიკა

„უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტო უნდა იყოს დაკავებული იმ უმძიმესი კორუფციით, რომელიც უკრაინაშია. ამის მაგივრად სხვა რაღაცებითაა დაკავებული. როგორც ჩანს, არ აღელვებთ საკუთარ ქვეყანაში კორუფცია, რომელშიც, მათ შორის, მაღალჩინოსნებიც არიან გარეული“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

მმართველი გუნდის ლიდერი პარლამენტში მედიასთან საუბრისას უკრაინული პლატფორმის „Війна і санкції” ვებგვერდზე ბიძინა ივანიშვილის დასასანქცირებელთა სიაში მოხვედრას გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უმჯობესია, ივანიშვილის სანქცირებისა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნა გააერთიანონ.

„დიდი ხანია, ეს არახამიამ დააანონსა, რომ ამას აპირებდნენ. ჯერ ელენე ხოშტარიამ დადო სია. ზუსტად იგივე სია დაიდო უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ. ეს კოორდინაცია როგორ ხდება, ეჭვები გვაქვს, მაგრამ ბოლომდე კარტებს არ გავშლით.

არახამია, ერთი მხრივ, დანილოვისა და პოდოლიაკის პირით გვირჩევს, ჩავერთოთ ომში, გავხსნათ მეორე ფრონტი, მეორე მხრივ, ცდილობს, დაგვაშანტაჟოს სანქციებით. ჯობია, გახსნას კარტები და გააერთიანოს ეს ორი საკითხი. დაშანტაჟების მიზანი რომ არის მეორე ფრონტი, ეს თქვან პირდაპირ კაცურად. ქართველ ხალხს უნდა უთხრან ეს. რატომ ემუქრებიან ბიძინა ივანიშვილს სანქციებით და რატომ მოითხოვენ მეორე ფრონტის გახსნას, ამაზე ხალხს უნდა ესაუბრონ, თუ არიან ღირსეულები, მაგრამ ღირსება მათ არ აქვთ. არახამიას ღირსება, ვიცით, რაც არის.

საბოლოოდ, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ეს ყველაფერი. მათ შორის, შეიძლება, ქართველმა ხალხმა რჩევაც მისცეს ბიძინა ივანიშვილს. იმ შემთხვევაში, თუ გავხსნით მეორე ფრონტს და ჩავერთვებით ომში, ერთი მხრივ, ივანიშვილს პრობლემები აღარ ექნება თავის მილიარდ დოლართან დაკავშირებით, მეორე მხრივ, იქნებ, ხალხს უნდა, ვიბრძოლოთ უკანასკნელ ქართველამდე და შევეწიროთ ამ ომს, მოდით, ღიად დაისვას ეს საკითხი. ვურჩევდი არახამიას, პირდაპირ თქვას“, – განაცხადა კობახიძემ.

უკრაინული პლატფორმის „Війна і санкції” ვებგვერდზე, რომელიც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ანტიკორუფციული სააგენტოს სანქცირების ჯგუფის მხარდაჭერით ხორციელდება, ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა დასასანქცირებელთა სიაში მოხვდნენ.

მმართველი პარტია უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან ავითარებს კონსპირაციას, რომ უკრაინას და დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა სურს.

ევროპარლამენტარების, აშშ-ის და მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან არაერთხელ ითქვა, რომ არავის სურს საქართველოს ომში ჩართვა და ეს რუსული პროპაგანდაა.