ეს უნდა იყოს განგაშის ზარი ხელისუფლებისთვის - კაპანაძე კონგრესმენის წერილზე

პუბლიკა

განცხადებები, რომელიც რამდენიმე თვეა კონგრესში კეთდება, უნდა იყოს სერიოზული შემაშფოთებელი განგაშის ზარი ხელისუფლებისთვის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ ამერიკელი კონგრესმენის პრემიერისადმი მიწერილ ღია წერილთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

„კონგრესმენ მალინის ღია წერილი პრემიერ-მინისტრ გახარიაზე არის კიდევ ერთი ძალიან ნათელი დადასტურება იმისა, რომ აშშ-ში ძალიან შეშფოთებული არიან იმ პროცესებით, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ეს წერილები და განცხადებები არ წყდება და ის მოდის არა მარტო ჩვენი ევროპელი, არამედ ამერიკელი პარტნიორებისგან. ეს უნდა იყოს კარგი გამოსაფხიზლებელი ზარი ხელისუფლებისთვის, მას რომ ოდნავ საღი აზრი მაინც ჰქონდეს შერჩენილი.

ეს განცხადებები , რომელიც რამდენიმე თვეა კეთდება კონგრესში, უნდა იყოს სერიოზული შემაშფოთებელი განგაშის ზარი ხელისუფლებისთვის და მათ უნდა გაითვალისწინონ ის რეკომენდაციები, რის ირგვლივაც არის წუხილი გამოთქმული კონგრესმენების შეფასებებში. ამას თუ არ იზამენ, ბუნებრივია, ამით კიდევ უფრო გააღრმავებენ თავის თავის იზოლაციას და კიდევ უფრო გაირთულებენ ვითარებას. ჯამში თუ რით მთავრდება იზოლაცია კარგად ნახეთ მოლდოვას მაგალითზე, როცა ყოფილი მმართველი არაფორმალური მოხვდა სანქციების ქვეშ. იმედი გვაქვს, რომ ეს არ მოხდება ჩვენს შემთხვევაში და ივანიშვილის გარშემო მყოფ ადამიანებს საღი აზრი ეყოფათ მწვავე პოლიტიკური კრიზისიდან გამოიყვანონ ქვეყანა,“- განაცხადა კაპანაძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენმა, რესპუბლიკური პარტიის წევრმა მარკვეინ მალინმა სოციალურ ქსელში წერილით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მიმართა.

წერილში კონგრესმენი გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებიდან „განგრძობადი გადახვევის“ გამო. ამავე წერილში საუბარია ქვეყანაში „პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის არსებულ გაუარესებულ ეკონომიკურ კლიმატზე“.