„ესაა კამპანია უცხოური ინვესტიციების წინააღმდეგ" - ბოკერია მოქალაქეებს მოუწოდებს, არ შეუერთდნენ ნამახვანჰესზე პროტესტს

პუბლიკა

„მინდა, მოვუწოდო ყველა გულწრფელ მოქალაქეს, რომელიც ამ მთავრობაზე საფუძვლიანად გაბრაზებულია, არ შეუერთდეს ამ პროტესტს, რადგან ჩვენი ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ გზავნილებია ეს ყველაფერი”, – „ევროპული საქართველოს” თავჯდომარე, გიგა ბოკერია ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტს გამოეხმაურა.

ბოკერიას მიაჩნია, რომ ნამახვანჰესის წინააღმდეგ არსებული პროტესტის მთავარი გზავნილი არის, ერთი მხრივ, ბრძოლა უცხოური ინვესტიციების წინააღმდეგ, კამპანია განსხვავებული ადამიანების წინააღმდეგ და კერძო საკუთრებისა და თავისუფალი ეკონომიკის მიმართ ბრძოლა.

„სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ამ პროტესტის მთავარი გზავნილი, სულისკვეთება ჩამოყალიბდა შემდეგნაირად – ეს არის, ერთი მხრივ, ბრძოლა და კამპანია უცხოური ინვესტიციების წინააღმდეგ, უმრავლესობისაგან კამპანია მიუღებლობის და სიძულვილის – განსხვავებული ადამიანების წინააღმდეგ და, მეორე მხრივ, კამპანია კერძო საკუთრებისა და თავისუფალი ეკონომიკის წინააღმდეგ, და არა კამპანია მთავრობის კორუფციისა ან ზოგადად მთავრობის წინააღმდეგ, სწორედ ზემოთ ხსენებული გზავნილებია მათი ძირითადი გზავნილები.

ვიმეორებ, კამპანია უცხოური ინვესტიციების წინააღმდეგ, კამპანია მიუღებლობის და სიძულვილის განსხვავებული ადამიანების მიმართ, უმრავლესობისაგან განსხვავებულის, და, მეორე მხრივ, კერძო საკუთრების და თავისუფალი ეკონომიკის წინააღმდეგ, ყველაფერ იმის წინააღმდეგ, რაც სჭირდება ჩვენ ქვეყანას, რომ ამ ჭაობიდან ამოვიდეს, რომ ჰქონდეს ყველა შანსი საკუთარი შრომით ბედნიერებისაკენ სწრაფვის და რომ ვიყოთ თავისუფალი ქვეყანა, სადაც ყველა ადამიანი, მიუხედავად ჩვენ შორის განსხვავებებისა, ღირსეულად და თავისუფლად იცხოვრებს. ჩვენი ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ გზავნილებია ეს ყველაფერი.

ეს არ ეხება ყველა ადამიანს, ვინც ამ პროტესტში მონაწილეობს. მაგრამ ინიციატივა აქვს სწორედ ამ განწყობებს, ეს არის სამწუხარო ფაქტი. მე მინდა, მოვუწოდო ყველა გულწრფელ მოქალაქეს, რომელიც გაბრაზებულია ამ მთავრობაზე საფუძვლიანად, არ შეუერთდეს ამ პროტესტს. მე მინდა, მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ პარტიას და სამოქალაქო ჯგუფს, არ აჰყვნენ ცდუნებას, რომ აი იცი ხალხი გაბრაზებულია, ხალხის რაოდენობა დაინახეს და ეს არის შესაძლებლობა ამ მთავრობის წინააღმდეგ ამის გამოყენების. ეს არ მოიტანს არც პრაგმატულად, არც მორალურად კარგ შედეგს. ჩვენ გვჭირდება ამ მთავრობის შეცვლა, თავისუფალი ეკონომიკა, კერძო საკუთრება ჩვენი მოქალაქეებისა და ინვესტორებისათვის, ღირსეული ატმოსფერო ნებისმიერი ჩვენი მოქალაქისათვის და დიახ, ცალკე აღებული, ჩვენ გვჭირდება ჰესები, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ჩვენს მტერზე, რუსეთზე, გვქონდეს იაფი ენერგია და განვითარდეს ეკონომიკა. ეს არის რეალობა და არავინ არ უნდა აყვეს ცდუნებას, ამ მომენტში საზოგადოების ნაწილის განწყობილებების გამო, ქვეყნის მომავალი დააყენოს ეჭვის ქვეშ”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.


ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, არ იყო შესწავლილი და შეფასებული ნამახვანჰესის პროექტის განხორციელების შემთხვევაში გარემოსთვის, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, კულტურული მემკვიდრეობისა და მატერიალური ფასეულობებისათვის შექმნილი საფრთხეები. გარდა ამისა, მათი თქმით, პროექტს არათუ ვერ ექნება წვლილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში, რაზეც მთავრობა მიუთითებს, არამედ შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთს ითვალისწინებს.

რიონის ხეობის გადარჩენისთვის აქტივისტები თავიანთ გამოსვლებში აღნიშნავენ, რომ ემიჯნებიან მათ აქციებზე მომხდარ ძალადობის შემთხვევებს და ასევე ქსენობოფიურ განცხადებებს, ასევე „ლანძღვა-გინებას მეზობლების მისამართით და პასუხისმგებლობით ეკიდებიან სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს“.

გოლეთიანის თქმით, მათ მიაჩნიათ, რომ ხელშეკრულება, რომელიც დადებულია სახელმწიფოსა და კომპანიას შორის, დამაზიანებელია ქვეყნის ინტერესებისთვის და მათი პროტესტი სწორედ ამით არის განპირობებული.