ესპანეთისა და პორტუგალიის უდიდეს ნაწილებს ელექტროენერგია აღარ მიეწოდება.
გაითიშა შუქნიშნები, მუშაობა შეჩერდა აეროპორტებსა და მატარებლების სადგურებზე.
ესპანეთის ელექტროგადამცემი ქსელის ოპერატორმა, Red Electrica-მ განაცხადა, რომ იწყებენ ელექტროენერგიის აღდგენისთვის მუშაობას.
პრესკონფერენციაზე საუბრისას კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ედუარდო პრიეტომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრობლემის გადაჭრას შეიძლება 6-დან 10 საათამდე დასჭირდეს.
პორტუგალიის ელექტროგადამცემი ქსელის ოპერატორმა Redes Energéticas Nacionais-მა (REN) განაცხადა, რომ ელექტრომომარაგება შეეზღუდა პირენეს მთელ ნახევარკუნძულს და საფრანგეთის ზოგიერთ ნაწილს.
ლისაბონიდან ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს რიგები ბანკომატებთან, რადგან ელექტროენერგიის გათიშვის გამო შეიზღუდა საბარათე გადახდის სისტემებიც.
ასევე, პორტუგალიური ავიაკომპანიები მგზავრებს აფრთხილებენ, რომ არ წავიდნენ აეროპორტებში დამატებითი ინფორმაციის გავრცელებამდე, რადგან შეზღუდულია რამდენიმე სერვისი.
შეიზღუდა მობილური ქსელებიც. AFP-ის რეპორტიორები მადრიდიდან და ბარსელონიდან ამბობენ, რომ ხალხი ქუჩებში გამოსვლისას ტელეფონებს ჰაერში წევდა, რათა ქსელთან კავშირი აღედგინათ.
განცხადება გააკეთა მადრიდის მერმაც. ხოსე ლუის მარტინეზ-ალმეიდა მოსახლეობას მოუწოდებს, რომ დარჩნენ იქ, სადაც არიან, რათა შეამცირონ გადაადგილება და გზები არ დაიტვირთოს.
მერმა ასევე განაცხადა, რომ საჭიროა გარკვეული მაგისტრალების გვირაბები დაკეტვა.