ესტონეთის პარლამენტი საქართველოს მთავრობის წევრების სანქცირებას მოითხოვს

პუბლიკა

ესტონეთის პარლამენტმა მიიღო განცხადება, რომელიც საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის მიერ რუსული კანონის მიღებას გმობს და აღნიშნავს, რომ ის ევროპულ ღირებულებებს სცდება. წარდგენილ დოკუმენტს მხარი 57-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი იყო – 13.

განცხადების პროექტი 44-მა დეპუტატმა 4 ივნისს წარადგინა. ესტონეთის პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს აქციის მონაწილეების, სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობა, წარმართოს სამართლებრივი გამოძიება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებულ ძალადობაზე და დარჩეს ერთგული დაპირების მიმართ, რომ დაიცავს ადამიანის უფლებებს, უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას და გაატარებს რეფორმებს, რაც ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობაა.

განცხადების თანახმად, სანამ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი არ გადაჭრიან კრიზისს იმ გზით, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს, სანამ არ დაუბრუნდებიან რეფორმებსა და ევროკავშირთან შეთანხმებულ დემოკრატიზაციის პროგრამებს, სანამ არ გააუქმებენ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს, ესტონეთი საჭიროდ მიიჩნევს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრების შემდგომი მოლაპარაკებები დაბლოკოს, გააჩეროს განვითარების თანამშრომლობა სახელმწიფო უწყებებთან და გამოყოფილი თანხა სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად გამოიყენოს.

წარდგენილ წინადადებაში აღნიშნულია, რომ ესტონეთის პარლამენტი განიხილავს სამთავრობო სანქციების დაწესების საჭიროებას, მათ შორის ესტონეთში შესვლის აკრძალვას როგორც ბიძინა ივანიშვილის, ასევე, პარლამენტისა და მთავრობის წევრებისთვის.

ესტონეთის პარლამენტის მოწოდებაა, სანქციები დაუწესდეს საქართველოს ხელისუფლებისა და სამართალდამცავი უწყებების იმ წარმომადგენლებსაც, რომლებიც მონაწილეობდნენ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში.

ამასთან, ესტონეთის პარლამენტი მხარს უჭერს სავიზო რეჟიმის შეჩერებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის, რუსული კანონის გაუქმებამდე.