სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერ დავით ქაცარავას, ე.წ. ეთნიკური შუღლის გაღვივების საქმეზე მოწმის სახით დაკითხვა მიმდინარეობს. ამ ინფორმაციას თავად ქაცარავა ადასტურებს და facebook-ზე წერს, რომ გადაწყვიტეს, ახალი საქმე „შეუკერონ”.
„ამჯერად უკვე სუს-ში წასვლის დროა. როგორც იკვეთება, ეთნიკური შუღლის გაღვივების საქმესთან დაკავშირებით დამკითხავენ. 2 დღის წინ სუს-მა გააკეთა განცხადება, რომ იწყებს გამოძიებას ამ საკითხთან დაკავშირებით და შუღლის ერთ-ერთ პირველ გამღვივებლად დაკითხვაზე მე მიბარებენ. იმ სამარცხვინო, თეთრი ძაფებით შეკერილი საქმის ფონზე, რომელსაც ვერანაირად მართებულად ვერ წარმოაჩენენ, გადაწყვიტეს ახალი საქმე „შემიკერონ”, – წერია ქაცარავას facebook-პოსტში.
აღნიშნული ინფორმაცია „პუბლიკას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს, თუმცა უწყებაში არ ამბობენ, კონკრეტულად რა საკითხზე გამოსაკითხად დაიბარეს ქაცარავა.
30 მაისს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა რასობრივი დისკრიმინაციის მუხლით გამოძიება დაიწყო.
უწყების განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას.
რაც შეეხება საქმეს, რომელსაც ქაცარავა სტატუსში „თეთრი ძაფით შეკერილს“ უწოდებს, 2019 წლის 20 აგვისტოს მომხდარს შეეხება, რა დროსაც სოფელ ბობნევში საოკუპაციო ზოლის მიმდებრედ ადგილობრივ მოსახლეობასთან დაპირისპირება მოხდა. დავით ქაცარავას ბრალი ძალადობის მუხლით წაუყენეს. ქაცარავას ინფორმაციით, ონლაინსასამართლო პროცესი 3 ივნისს 14:00-ზე უნდა გამართულიყო, თუმცა სხდომა ტექნიკური მიზეზით გადაიდო.