დავით ქაცარავას ბრალი წარუდგინეს

ზურა ვარდიაშვილი

დღეს „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთ ლიდერს, დავით ქაცარავას ბრალი წარუდგინეს.

პროკურატურის ცნობით, 2019 წლის 20 აგვისტოს გორის რაიონის სოფელ ბობნევში მდებარე საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოტანილ იქნა ბრალის დადგენილება.

მათი თქმით, შსს-ს გორის რაიონულ სამმართველოში ხ.ხ.-ს ბრალი წარედგინა სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

ხოლო რაც შეეხება დავით ქაცარავას, მას ბრალი წარედგინა სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის გ და დ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს ძალადობას ორი ან მეტი პირის მიმართ და არაერთგზის.

ქაცარავას მიმართ წარდგენილი მუხლი ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

„საქმეს იძიებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო“, – ამბობს პროკურატურა.


ქაცარავას თქმით, 20 აგვისტოს სოფელში ბობნევში ხელისუფლებამ „ტიტუშკები“ დაახვედრა, ოთხი პირი დაესხა თავს და აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. ქაცარავა აცხადებდა, რომ დამხვდურებმა მას აგინეს, ხელი გაარტყეს, რაზეც პასუხიც მიიღეს.

„როცა მოვედი, საგუშაგოზე დაახლოებით ნახევარი საათი ვიყავი გაჩერებული, სანამ მოვიდა პოლიციის ეკიპაჟი და შემომყვა ბობნევში, დათა პაპას სახლთან. მანქანის გაჩერება ვერ მოვასწარი, რომ იქ ადგილზე მყოფი 4-5 კაციანი ახალგაზრდა ნაძირლების ჯგუფი დამხვდა, რომელიც მაშინვე აგრესიულად მომვარდა და დაიწყეს ხმამაღლა ლაპარაკი: გაეთრიე აქედან, რატომ გვირევ სიტუაციასო”, – აცხადებდა ქაცარავა.