დღეს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ანგარიში წარადგინეს. იქ შეფასებულია ქვეყანაში გაუარესებული სიტუაცია 2024 წლის ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შემდგომ და ეყრდნობა საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციებში გამოხატულ პოზიციებს.
როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე ანგარიშის წარდგენისას ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა, ანგარიშის მიზანია შეაფასოს საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, თუმცა აღნიშნა, რომ დღეს სიტუაცია პროგრესისგან შორს არის.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მიერ აქამდე მიღებული ზომები არ ასახავს საქართველოში არსებული სიტუაციის სიმძიმეს. ამასთან, ანგარიში ხაზს უსვამს, რომ წევრ ქვეყნებს შორის ერთსულოვნების არარსებობა არ უნდა უშლიდეს ხელს მათ, ვისაც შესაბამისი, ეფექტური ზომების მიღება სურს. ამასთან, მოუწოდებს ევროკავშირის ლიდერებს, გადადგან კოორდინირებული ნაბიჯები.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის განგრძობითი ტენდენციაა და ის განსაკუთრებით გაძლიერდა 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
„ქვეყანა იმყოფება პოლიტიკურ და კონსტიტუციურ კრიზისში, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ხანგრძლივ პოლიტიკურ პოლარიზაციას. საქართველოს ხელისუფლება კვლავ ავრცელებს მანიპულაციურ ნარატივებსა და დეზინფორმაციას ევროკავშირის და ევროპული ინტეგრაციის შესახებ. სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური ოპოზიცია და დამოუკიდებელი მედია კვლავ საფრთხის, დაშინებისა და თავდასხმების პირისპირ, ასევე, საქმიანობისთვის მზარდი შემზღუდავი გარემოს პირობებში არიან”, – ნათქვამია დოკუმენტში.
ანგარიში ხაზს უსვამს ევროკავშირის როლსა და პასუხისმგებლობას, რომ მხარი დაუჭიროს ქართულ საზოგადოებას და მის ლეგიტიმურ კონსტიტუციურ პროევროპულ მისწრაფებებს.
„ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა დაუყოვნებლივ უნდა გადახედონ ურთიერთობებს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეჟიმთან და გადადგან კონკრეტული ნაბიჯები სამოქალაქო საზოგადოების და მედიის მხარდასაჭერად, მათ შორის დააწესონ კოორდინირებული ორმხრივი სანქციები, თავი შეიკავონ არალეგიტიმური ხელისუფლების აღიარებისგან, არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიისთვის ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაზარდონ და ახალი არჩევნებისკენ გზის დასახვაში მიიღონ მონაწილეობა”.
ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროპარლამენტის პოზიციას, რომ არსებული კრიზისის დასაძლევად აუცილებელია ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, რომელსაც უხელმძღვანელებს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია და რომელიც განხორციელდება საერთაშორისო ზედამხედველობის პირობებში, რათა უზრუნველყოფილი იყოს რეალურად სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი.