EU-ის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის ელჩებმა მთავრობასთან რუსულ კანონზე შეშფოთება გამოხატეს

პუბლიკა

10-11 აპრილს საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები. დელეგაცია წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილსა და პარლამენტის უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს.

როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დელეგაციის წარმომადგენლებმა საქართველოს ხელისუფლების წევრებთან შეხვედრაზე შეშფოთება გამოხატეს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე და გაიხსენეს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის 4 აპრილის განცხადება.

ამასთან, დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს მომენტი გამოიყენოს, რადგან ევროპული საბჭოს დეკემბრის გადაწყვეტილების შემდეგ ახლა ევროკავშირის კარი ქვეყნისთვის ღიაა.

მათ ხაზი გაუსვეს იმას, რომ გაწევრების პროცესი არის დამსახურებაზე დაფუძნებული და მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, ამ მიზნის მისაღწევად საჭირო ნაბიჯები გადადგან, მათ შორის, მიუთითეს ევროკომისიის მიერ დაწესებული 9 დათქმაზე.

„საჭირო რეფორმები და პროგრესი უნდა განხორციელდეს ყოველგვარი შეფერხების გარეშე და ეს უნდა იყოს ერთიანობის მიდგომით, უნდა მოიცავდეს როგორც მთავრობას, ასევე, ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოებას. დრო ცოტაა და ახლაა იმის დრო, რომ 9 ნაბიჯი შესრულდეს და თავიდან იქნას არიდებული ისეთი გადაწყვეტილება, რაც ხელის შემშლელი იქნება ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.

მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით, ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.

რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.

პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.