EU-ის საგარეო მინისტრები საქართველოში კრიზისის დასაძლევად მედიატორთა ჯგუფს ქმნიან | ლანდსბერგისი

პუბლიკა

ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის (LTR) ინფორმაციით, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ქმნიან „მედიატორთა ჯგუფს“, რათა საქართველოს პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში დაეხმარონ.

LTR-ის ცნობით, შეკითხვას – გეგმავს თუ არა საქართველოში ვიზიტს, – მინისტრმა ლანდსბერგისმა უპასუხა, რომ, შესაძლოა, „პოლიტიკურ კრიზისში გახლართულ ქვეყანას უფრო დიდი ევროპული დელეგაცია ესტუმროს“.

„[საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით] არსებობს გეგმა, ახლა ჩვენ განვიხილავთ, რამდენად იქნება ასეთი ვიზიტი შედეგიანი. საგარეო საქმეთა მინისტრების მედიატორთა ჯგუფი კომპლექტდება და ამ ჯგუფში ნამდვილად ერთზე მეტი ქვეყანა იქნება“, – განაცხადა ლანდსბერგისმა ჟურნალისტებთან და დასძინა – „მჯერა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს სიგნალი გავუგზავნოთ არა მხოლოდ ლიეტუვიდან […], არამედ ეს უნდა იყოს სიგნალი ევროპიდან, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ განგრძობად ევროპულ და ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციაზე“.