ეუთო/ოდირ გმობს საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას

პუბლიკა

ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისი გმობს საქართველოში საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას და აღნიშნავს, რომ სამართალდამცავი ორგანოების მოქმედება მშვიდობიანი პროტესტების მართვისას სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს.

„არაპროპორციული და განურჩეველი ძალის გამოყენება გავლენას ახდენდა აქციის უამრავ მონაწილესა და ჟურნალისტზე, მაშინ როცა დემონსტრანტების უმრავლესობა მშვიდობიანი იყო. მშვიდობიანი შეკრების უფლება არის თავისუფლება, რომელიც დემოკრატიული საზოგადოებების ფუნდამენტური საფუძველია და ეუთოს ყველა სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ „ყველას ექნება მშვიდობიანი შეკრებისა და დემონსტრაციის უფლება“. ისინი ასევე აღიარებენ, რომ ამ უფლებაზე ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს გათვალისწინებული კანონით და სრულად შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს.

სახელმწიფოს მიერ ძალის გამოყენება ყოველთვის უნდა იყოს კანონის შესაბამისად, აუცილებელი და პროპორციული მოცემული ვითარების საჭიროებებზე. სამართალდამცავებმა უნდა მიმართონ იმ დემონსტრანტების ქმედებებს, რომლებიც ძალადობრივად მოქმედებენ, ისე, რომ არ გამოიყენონ არაპროპორციული და განურჩეველი ძალა.

მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება გაწერილია ადამიანის უფლებათა მრავალ ინსტრუმენტში. ეუთოს მონაწილე ყველა სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, დაიცვას ეს უფლება და უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება როგორც კანონით, ასევე პრაქტიკაში. ODIHR მოუწოდებს ეუთოს რეგიონის ყველა ქვეყანას, დაიცვან მათი აღებული ვალდებულებები მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისა და სხვა ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის მიმართულებით”, – ნათქვამია განცხადებაში.