ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

პუბლიკა

პორტოში 29 ივნისიდან 3 ივლისამდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გაიმართა.

შეხვედრაზე მიიღეს „პორტოს დეკლარაცია“ და რეზოლუციები, მათ შორის, რეზოლუცია საქართველოს შესახებაც.

დეკლარაციაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა:

  • გამოხატავს ღრმა შეშფოთებას რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების 2008 წლიდან მიმდინარე ოკუპაციის გამო, რაც ძირს უთხრის რეგიონულ უსაფრთხოებას და მოუწოდებს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად განხორციელებისკენ […]
  • გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში გაუარესებული პოლიტიკური ვითარების გამო, რომელიც ხასიათდება მზარდი დემოკრატიული უკუსვლით, პოლიტიკური პოლარიზაციის გაძლიერებით და ძირითადი თავისუფლებების შეზღუდვებით, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების და მედიის დამოუკიდებლობის უფლებით […]
  • მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რათა უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის, აქტივისტებისა და მომიტინგეების თავისუფლად და უსაფრთხოდ ფუნქციონირება და ხელი შეუწყოს გამჭვირვალე და ინკლუზიურ პოლიტიკურ პროცესს […]
  • გამოხატავს შეშფოთებას 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებულ პოსტსაარჩევნო მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის მომიტინგეების, ოპოზიციის ლიდერებისა და მედიის წარმომადგენლების თვითნებური დაკავებების, ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ […]
  • მიესალმება ეუთოს ვენის მექანიზმის ამოქმედებას 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციების საპასუხოდ, რომლებიც, ODIHR-ის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის თანახმად, რამდენიმე შეუსაბამობით გამოირჩეოდა, აღიარებს ამ მექანიზმის მნიშვნელობას ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიულ პროცესებთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული შეშფოთების მოსაგვარებლად და მოუწოდებს დიალოგისა და თანამშრომლობის გაგრძელებისკენ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა, ძირითადად ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივი გათავისუფლებით და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით, რომლებიც ნამდვილად ასახავს ქართველი ხალხის ნებას;

საქართველოს შესახებ რეზოლუციაში წერია, რომ:

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა:

  1. გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიამ საარჩევნო პროცესში მრავალი დარღვევა აღმოაჩინა;
  2. შეშფოთებულია საარჩევნო პროცედურების დარღვევებით და ადმინისტრაციული რესურსების უპრეცედენტო მასშტაბით, რომლებიც ძირს უთხრის საქართველოში არჩევნების პროცესის თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპებს და თავად შედეგებს;
  3. გმობს ძალის არაპროპორციულ გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც მტკიცედ იბრძვიან საქართველოს ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის;
  4. შეშფოთებულია ჟურნალისტების, აქტივისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებებითა და პოლიტიკურად მოტივირებული დევნით;
  5. იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა შესაძლო საშუალებას იყენებს თავისი ძალაუფლების გასამყარებლად „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“, „რადიოსა და ტელევიზიის“ და „გრანტების“ შესახებ ახალი კანონების მიღებით;
  6. აღნიშნავს, რომ საქართველოში ვითარება კვლავ უარესდება, ხელისუფლება სულ უფრო მეტად შორდება ევროპული ინტეგრაციის გზას;
  7. ღრმად შეშფოთებულია ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკის მზარდი დონით და მას სრულიად მიუღებლად მიიჩნევს;
  8. სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს რუსეთთან და ჩინეთთან გაძლიერებული კავშირებით ქვეყნის მიერ საჯაროდ გაცხადებულ ევროპულ მისწრაფებების კონტექსტში.
  9. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:
    • მოახდინოს სიტუაციის დეესკალაცია და დაიწყოს ეროვნული დიალოგი ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა მოიძებნოს გამოსავალი არსებული სიტუაციიდან და აღდგეს საზოგადოების ნდობა ქართული დემოკრატიის მიმართ;
    • პატივი სცეს შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლებას და თავი შეიკავოს მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან;
    • დაუბრუნდეს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზას;
  10. აგრძელებს ქართული საზოგადოების პროევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას, დემოკრატიული ღირებულებებისადმი მტკიცე ერთგულების დემონსტრირებით და საკუთარი ქვეყნის მომავლის ევროპაში დანახვით;
  11. ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში;
  12. მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წელს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, შეწყვიტოს ამ რეგიონების მილიტარიზაცია და მათი საქართველოს დანარჩენი ნაწილისგან ძალის გამოყენებით გამოყოფის მცდელობები.