ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ჯო უილსონის კრიტიკა „ოცნებას“ და „ოცნების“ დელეგაციის პასუხი

პუბლიკა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, რომელსაც „ქართული ოცნების“ დელეგაციაც დაესწრო, რესპუბლიკელმა სენატორმა ჯო უილსონმა საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას გაუსვა ხაზი და ისაუბრა ოქტომბერში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე.

„უკიდურესად შემაშფოთებელია საქართველოში ოქტომბერში ჩატარებული გაყალბებული არჩევნები, რომელსაც შემდგომ რეპრესიული მოქმედებების შემაშფოთებელი ტენდენცია მოყვა, რაც ტრაგიკულად გაყალბებული არჩევნების შედეგია.

„ქართული ოცნების“ დე ფაქტო რეჟიმი თბილისში ეუთოს წინაშე თავისი ნებით აღებულ ვალდებულებებს არღვევს, რომელიც მოითხოვს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას და მოქალაქეთა ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვას, რის შედეგადაც მას დემოკრატიული ლეგიტიმურობა დაკარგული აქვს.

ამიტომ, მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, დაჟინებით მოითხოვონ ახალი არჩევნების ჩატარება და უარი თქვან ჩვეულებრივ ურთიერთობებზე „ქართული ოცნების“ დიქტატორულ რეჟიმთან, ვიდრე ისინი არ შეასრულებენ ამ მოთხოვნებს.

ფაქტია, რომ დღეს არსებული „ქართული ოცნების“ დელეგაცია არალეგიტიმურია და არ არის არჩეული სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გზით, როგორც ეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს. იმის გათვალისწინებით, რომ ქართულ ოცნების დიდი ხნის ევროკავშირისა და ნატოსკენ მისწრაფებები შეჩერებულია, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა უილსონმა.

გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ „ოცნების“ დელეგაციის წარმომადგენლები.

ნიკოლოზ სამხარაძემ დაგმო ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და ხაზი გაუსვა, რომ ეს წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მორიგ მცდელობას.

მისი შეფასებით, შემაშფოთებელია, რომ „ევროპული სახელმწიფოების დიდმა ნაწილმა არ დაგმო ე.წ. არჩევნების ჩატარება. უფრო ფართო კონტექსტში ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული მსგავსი მიდგომით, ჩნდება განცდა, რომ არც ეუთო-ს და არც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს არ აქვთ საკმარისი რესურსი, რომ უზრუნველყონ სტაბილურობა, მშვიდობიანი თანაცხოვრება, ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემა და მიმდინარე ოკუპაციის დასრულება“

სამხარაძემ ისაუბრა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზეც და დასავლელი პოლიტიკოსები, მათ შორის, ჯო უილსონი გააკრიტიკა.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არჩევნები ჩატარდა პოლიტიკურად პლურალურ გარემოში, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, რამაც უზრუნველყო გამჭვირვალობა და არჩევნები იმაზე ბევრად კარგად იყო ორგანიზებული, ვიდრე მანამდე ჩატარებული ყველა არჩევნები, უცხოელი პოლიტიკოსების გარკვეულმა ჯგუფმა, მათ შორის ბატონმა უილსონმა, რომელიც აქ იმყოფება, აირჩია არ აღიაროს არჩევნების შედეგები და ცდილობდნენ გაევრცელებინათ გადაუმოწმებელი ინფორმაცია.

ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა ისიც კი თქვა, რომ ეუთო/ოდირი იყო იმ რეჟიმების გავლენის ქვეშ, რომლებიც არ არიან დაინტერესებულნი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით. ასეთი განცხადებები მიზნად ისახავს ეუთოს რეპუტაციის შელახვას და უგულებელყოფს ქართველი ხალხის არჩევანს. ჩვენ ასევე ღრმად ვართ შეშფოთებულნი იმ ზეწოლით, რომელიც განხორციელდა ეუთო/ოდირის მისიაზე გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან და რომლის მიზანიც იყო საბოლოო ანგარიშის შინაარსზე გავლენის მოხდენა. მინდა მოგიწოდოთ, პატივი სცეთ ქართველი ამომრჩევლის მიერ გამოხატულ ნებას“, — განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მან ასევე უილსონს მიმართა: „ბატონო უილსონ, თქვენ რომ გულწრფელი ყოფილიყავით საუბრის დროს, ასევე დაგმობდით ფარსს ე.წ. არჩევნებს აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში“.

„ოცნების“ დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა:

„სანამ გამოიყენებთ სიტყვებს – „პოლიტიკური რეპრესიები”, გაითვალისწინეთ, რომ საუბარია 29 ადამიანზე, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის დევნაა დაწყებული, რადგან „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ პოლიციელებს, თავს ესხმოდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებს და თითოეულ მათგანზე არის კონკრეტული ვიდეომტკიცებულებები. საქართველოს ხელისუფლება მზად არის თქვენთან და თქვენს გუნდთან თანამშრომლობისთვის და ამ ვიდეო მტკიცებულებების გაზიარებისთვის თქვენი ანგარიშის წერის პროცესში“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.


„პუბლიკის“ მიერ შეკრებილი ინფორმაციით, გაზაფხულიდან დღემდე მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში სისხლის სამართლის წესით 49 დემონსტრანტი დააკავეს.

ნოემბერ-დეკემბერში შსს-ს წარმომადგენლები არაპროპორციული ძალით შლიდნენ კანონის ფარგლებში მიმდინარე მშვიდობიან აქციებს, სასტიკად სცემდნენ და აკავებდნენ დემონსტრანტებს.

მათი ცემის, დაკავების და მიღებული დაზიანებების შესახებ მოგროვებული ინფორმაციით, უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ სახეზე იყო წამების დ არაადამიანური მოპყრობის სისტემური სქემა, რომელსაც შსს მოქალაქეების დასაშინებლად და შესაზღუდად იყენებდა.

ადმინისტრაციული წესით დააკავეს ან სამართალწარმოება დაიწყეს ასობით დემონსტრანტის მიმართ. მათ ნაწილს უკვე დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ხშირ შემთხვევაში, პატიმრობის სახით.

აღსანიშნავია, რომ დეკემბერსა და თებერვალში დაჩქარებული წესით ორჯერ შეიცვალა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და გამკაცრდა პასუხისმგებლობები იმ მუხლებზე, რომლებიც აქციის მონაწილეებს ყველაზე ხშირად ეხებათ. უფლებადამცველების შეფასებით, სანქციების ამგვარი გამკაცრება აქციის მონაწილეების დევნისკენ და მათი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენაა მიმართული. ორგანიზაციების ცნობით, გზის გადაკეტვისთვის დაწესებული ჯარიმა 5000 ლარი 19-ჯერ აღემატება საარსებო მინიმუმს.