ევროატლანტიკური ინტეგრაცია აუცილებელი პირობაა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის - გახარია

პუბლიკა

“ჩვენ ვახერხებთ და ვაღრმავებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას ჩვენს ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებზე. ეს არის რა თქმა უნდა – ნატო, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, აშშ, ევროკავშირი.” – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც საქართველოს ნატოს წევრობასთან დაკავშირებით კონგრესმენ ადამ კირზინგერის განცხადებას შეეხებოდა.

„აქ ამ  მიმართულებით ვინც რანაირი სპეკულირება არ უნდა გააგრძელოს საქართველოს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობას არაფერი ემუქრება, პირიქით, ეს ურთიერთობა ბოლო წლებში გახდა ისეთი, როგორიც არ ყოფილა არასოდეს, სწორედ, ამის შედეგია მსგავსი განცხადებები. დღეს საქართველო სრულად არის მზად წევრობისთვის და ამას ჩვენი პარტნიორები ხედავენ, აფასებენ, რა თქმა უნდა, ეს არის პროცესი და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და საქართველოს მშვიდობიანი განვითარება არის აუცილებელი პირობა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის,“ – აღნიშნა პრემიერმა.

“საქართველოსთვის დრო დადგა, რათა გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი, – ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაზე – „მშვიდობა და უსაფრთხოება რეგიონში: დეოკუპაციისთვის ბრძოლის 12 წელი“ განაცხადა.

როგორც კინზინგერმა აღნიშნა, აშშ-ის კონგრესი, სენატი და პრეზიდენტი მხარს უჭერენ საქართველოს.

„მინდა გითხრათ, რომ ათვლის წერტილი არის 12 წელი. საქართველოსთვის დადგა დრო, გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი. ვფიქრობ, ჩემი მეგობრები დაეთანხმებიან, რომ ის ფაქტი, რომ საქართველო ოკუპირებულია, ვფიქრობ, არ უნდა გახდეს მიზეზი, რათა საქართველო არ გახდეს ნატო-ს წევრი. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო ყველაზე ძლიერ პარტნიორებს შორის არის ავღანეთში ოპერაციების დროს. როდესაც ერთ სულ მოსახლეზე ჩართულობაზე ვსაუბრობთ, საქართველო მეორე გახლავთ აშშ-ის შემდეგ ავღანეთში ჩართულობის თვალსაზრისით და ვფიქრობ, ეს პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია მომავლისთვის. აშშ-ის კონგრესი, სენატი და პრეზიდენტი, ყველა მხარს უჭერს საქართველოს და გავაგრძელებთ ამის კეთებას“, – განაცხადა კინზინგერმა.