ევროკავშირი არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში

პუბლიკა

ევროკავშირი არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში

ევროკავშირი არ აღიარებს საკონსტიტუციო და სამართლებრივ ჩარჩოებს, მათ შორის მათ ბოლო ცვლილებებს, რომელთა საფუძველზეც 2026 წლის 18 სექტემბერს საქართველოს ოკუპირებულ, სეპარატისტულ რეგიონში – „სამხრეთ ოსეთში“ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება.

„შესაბამისად, არჩევნების შედეგები სამართლებრივ ძალას მოკლებულია და ბათილად უნდა იქნეს მიჩნეული“, – ნათქვამია განცხადებაში,  რომელიც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ბლოკის სახელით გაავრცელა.

კალასი ასევე აცხადებს, რომ ევროკავშირი მკაცრად გმობს მოსკოვის ქმედებებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს ოკუპირებულ, სეპარატისტულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის ოფიციალური პირის დე ფაქტო პრეზიდენტად დანიშვნას.

„ევროკავშირი ასევე მწუხარებას გამოთქვამს 2026 წლის 9 მაისს ე.წ. „მოკავშირეთა ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ“ ხელშეკრულების ხელმოწერის გამო და მკაცრად გმობს რუსეთის მიერ კონტროლის გამყარების მცდელობებს, რაც სამხრეთ ოსეთის რუსეთის პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ და სამართლებრივ სივრცეებში ინტეგრირებას ითვალისწინებს“, – წერია განცხადებაში.

უმაღლესი წარმომადგენელი მიუთითებს, რომ ეს ზომები ეწინააღმდეგება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ძალისხმევას და წარმოადგენს ნაბიჯებს ოკუპირებული, სეპარატისტული რეგიონის რუსეთის მიერ სამომავლოდ უკანონო ანექსიისკენ.

„მსგავსი ქმედებები სისტემატურად აღრმავებს დაყოფას, საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი ერთგულებას, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეობისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მეშვეობით. ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და შეწყვიტოს ყველა ის საქმიანობა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას ძირს უთხრის.

ევროკავშირი კვლავ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს, 18 სექტემბერს ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება.

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის პოსტისთვის 4 კანდიდატი იბრძვის:

მარატ კამბოლოვი – ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენელი, რუსეთის ყოფილი ოფიციალური პირი; ზურაბ კოკოევი; მურატ ვალიევი და ყაზბეკ კოდოევი.

ე.წ. არჩევნებში „ფავორიტად“ მარატ კამბოლოვი მიიჩნევა, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელად რუსეთის განკარგულებით დაინიშნა 2026 წლის 16 ივნისს. მის დანიშვნას წინ უძღოდა ყოფილი ე.წ პრეზიდენტის, ალან გაგლოევის მოულოდნელი გადადგომა – მან თანამდებობა დატოვა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მრჩევლის პოსტი დაიკავა. მას შემდეგ პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს მარატ კამბოლოვი – რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მკვიდრი და რუსეთში ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერის მქონე სახელმწიფო მოხელე.

კამბოლოვი „სამხრეთ ოსეთში“ მხოლოდ 2026 წლის მაისში ჩავიდა, როდესაც ის ე.წ პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩევლად დაინიშნა. ერთი თვის შემდეგ გაგლოევმა ის „პრემიერ-მინისტრის“ პოსტზე წარადგინა, რასაც პარლამენტმა მალევე დაუჭირა მხარი.

კამბოლოვი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის პირველი ლიდერია, რომლის პოლიტიკური კარიერაც დანიშვნამდე თითქმის მთლიანად რუსეთთან იყო დაკავშირებული. ის მუშაობდა რუსეთის ფედერალურ უწყებებში, იყო განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, მოგვიანებით კი რუსეთის წამყვან ბირთვული ენერგიის კვლევით ცენტრს ხელმძღვანელობდა. ცხინვალის პოლიტიკისთვის ეს წარსულ პრაქტიკასთან შედარებით მნიშვნელოვანი ცვლილებაა.

ოკუპირებულ რეგიონში გახსნილია 70 ე.წ საარჩევნო უბანი ცხინვალის, ჯავის, ზნაურისა და ლენინგორის რაიონებში. გარდა ამისა, ოთხი საარჩევნო უბანი გახსნილია ჩრდილოეთ ოსეთში, ერთი კი – მოსკოვში. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 40 000 საარჩევნო ბიულეტენი დაბეჭდა.

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ სამთავრობო მედია „რეს“ წერს, რომ „არჩევნებს“ 60-ზე მეტი დამკვირვებელი დააკვირდება, მათ შორის: რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს, ფედერაციის საბჭოსა და რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები, ასევე დამკვირვებლები ვენესუელიდან, არგენტინიდან, ბელარუსიდან, სომხეთიდან, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმიდან, ბულგარეთიდან, ინდოეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.