„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „უცხოური გავლენის აგენტის შესახებ“ უმრავლესობის დეპუტატების პრორუსულ კანონპროექტზე საუბრისას კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ საიდან და რისთვის ფინანსდება.
მისი თქმით, არის შემთხვევები, როცა საერთაშორისო პარტნიორები აფინანსებენ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ხელს უწყობენ პოლარიზაციას.
„არის გარკვეული საკითხები, რაზეც შეიძლება თუნდაც ჩვენს პარტნიორებს არ ჰქონდეთ სათანადოდ ინფორმაცია. მაგალითად, ევროკავშირი ერთი ხელით მოგვიწოდებს დეპოლარიზაციისკენ და მეორე ხელით აფინანსებს პოლარიზაციას, ასეთი შემთხვევებიც არის. როდესაც ამაზე საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას, უკვე შესაბამის სტრუქტურებს ექნებათ ინფორმაცია, რომელიც მათ უბიძგებთ, რომ პოლარიზაცია აღარ დააფინანსონ“, – განაცხადა მან.
კობახიძემ მაგალითად მოიყვანა ორგანიზაცია „სირცხვილია“, რომელიც, მისი მტკიცებით, საქართველოში პოლარიზაციას აღვივებს და ენმ-ის „ექსტრემისტული ფრთაა“.
კობახიძის თქმით, „სირცხვილია“ ევროკავშირის წყაროსგან იღებს დაფინანსებას.
შეკითხვაზე, სამოქალაქო აქტივიზმი დასჯადი გახდება თუ არა, მმართველი გუნდის ლიდერმა გაიმეორა, რომ ისინი არა აქტივისტები, არამედ ენმ-ის ექსტრემისტული ფრთაა, რომელიც საქართველოში პოლარიზაციის წახალისებას უწყობს ხელს.
შეკითხვაზე, ამავე ლოგიკით „ალტ ინფო“ აღვივებს თუ არა პოლარიზაციას, კობახიძე ამბობს:
„აქეთ არის „სირცხვილია“, მეორე მხარეს არის „ალტ ინფო“, მესამე მხარეს არის „პრიმაკოვის ფონდი“, მეოთხე მხარეს არის სხვა ორგანიზაცია და მათი დაფინანსება ხდება უცხოური წყაროებიდან. არც ერთი ამ ორგანიზაციის საქმიანობა არ შეიზღუდება, მაგრამ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, ვინ საიდან და რა მიზნით ფინანსდება. ყველაფერი გამჭვირვალე უნდა იყოს, თუ ვინმე მალავს ფინანსებს, ამითაც დაინტერესდებიან უწყებები, მათ შორის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელსაც აქვს მონიტორინგის უფლება.
„სირცხვილია“ არის ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება კონკრეტული წყაროებით, აქეთ არაფორმალურად აფინანსებს კეზერაშვილი და იქით ფორმალურად აფინანსებენ უცხოური წყაროები. საზოგადოება გაიგებს, ვინ აფინანსებს ორგანიზაციას, რომელიც პოლარიზაციას აღვივებს. საზოგადოებამ ისედაც იცის, ამას რეესტრი არ სჭირდება, რომ „სირცხვილია“ არის არა სამოქალაქო აქტივისტების ერთობა, არამედ ენმ-ის ოჯახის წევრების ერთობა, ენმ-ის ექსტრემისტების ახალგაზრდული ფრთა“, – განაცხადა მან.
ორგანიზაცია „სირცხვილიას“ გაუმჭვირვალე დაფინანსება ახსენა პარლამენტის თავმჯდომარემაც, რომელსაც 17 თებერვალს მოჰყვა ორგანიზაციის პასუხიც.
მათ გამოაქვეყნეს დონორთა ჩამონათვალი, რომელთა შორისაა ორგანიზაციები: national endowment for democracy, European endowment for democracy, ფონდი ღია საზოგადოება, Helsinki foundation for human rights.