ევროკავშირი მკაცრად გმობს ლუკაშენკას ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში

პუბლიკა

„ევროკავშირი მკაცრად გმობს ალექსანდრ ლუკაშენკას ვიზიტს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში – აფხაზეთში“, – ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა.

„გარდა იმისა, რომ ამ პიროვნებას, ლუკაშენკოს, არა აქვს ლეგიტიმაცია, იმოქმედოს როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, ეს ვიზიტი განხორციელდა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რომელსაც აქვს ერთადერთი ლეგიტიმური უფლებამოსილება აფხაზეთის რეგიონზე. ასე რომ, ეს ვიზიტი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას. ევროკავშირი კვლავ ადასტურებს თავის ძლიერ და მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აცხადებს პიტერ სტანო.

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.

ლუკაშენკას ვიზიტი დაგმო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. მათ შესაბამისი განცხადებები „ტვიტერზე“ გაავრცელეს.

საქართველოში ბელორუსის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

„ჩვენ კვლავ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს და მის ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა.

ლუკაშენკას ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა დაგმო დიდი ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა, ასევე ავსტრიისა და ლიეტუვის ელჩებმა საქართველოში.