ევროკავშირი „რადიო თავისუფლებისთვის” 5.5 მილიონ ევროს გამოყოფს

პუბლიკა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირი „რადიო თავისუფლებისთვის“ 5.5 მილიონ ევროს გამოყოფს მათი მუშაობის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.

კალასის თქმით, საუბარია მოკლევადიან დახმარებაზე და არა გრძელვადიან დაფინანსებაზე.

„გაუფილტრავი კონტენტის ზრდის ეპოქაში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. სწორედ ამიტომ მიხარია, გამოვაცხადო, რომ ვამზადებთ 5,5 მილიონი ევროს კონტრაქტს დემოკრატიის ევროპულ ფონდთან, (EED) რომელიც მხარს დაუჭერს „რადიო თავისუფალი ევროპის“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმიანობას. ეს არის მოკლევადიანი საგანგებო დაფინანსება, რათა მხარი დავუჭიროთ დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას“, – განაცხადა კალასმა.

ამასთან, კაია კალასის თქმით, გრძელვადიანი დაფინანსებისთვის ჯერ კიდევ საჭიროა გადაწყვეტილების მოძებნა. თუმცა, როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განმარტა, თავისუფალი მედიის მხარდაჭერა რჩება ევროკავშირის ინვესტიციების სტრატეგიულ მიმართულებად.


14 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც შვიდი ფედერალური სააგენტოს შემცირებას ითვალისწინებს, მათ შორის არის ისეთი სააგენტოები, რომლებიც მედიის, ბიბლიოთეკების, მუზეუმებისა და უსახლკარობის პრობლემის აღმოფხვრის საკითხებზე მუშაობენ.

ტრამპმა განკარგულება გასცა, რომ ეს უწყებები „მაქსიმალური მასშტაბით დაუქვემდებარონ შემცირებას“. ბრძანების მიხედვით, მათ უნდა „შეამცირონ თავიანთი კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციები და შესაბამისი პერსონალის საქმიანობა“. სააგენტოებს შორის ერთ-ერთია აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო (USAGM), რომელიც ზედამხედველობას უწევს „რადიო თავისუფლებას“ და სხვა ფედერალურ მაუწყებლებს.

ფედერალური საგრანტო შეთანხმების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ (RFE/RL) პრეზიდენტი, სტივენ კაპუსი 16 მარტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ შეთანხმების გაუქმება არის „საჩუქარი ამერიკის მტრებისთვის“.

„რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებამ“ (RFE/RL) აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) სასამართლოში უჩივლა და უჩივლა ასევე მისი თანამდებობის პირებს, კერი ლეიკს და ვიქტორ მორალესს, რათა შეჩერდეს ფედერალური დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილება.

RFE/RL-ს საჩივარში ნათქვამია, რომ კონგრესის მიერ გამოყოფილ დაფინანსებაზე უარი არღვევს ფედერალურ კანონებს, მათ შორის აშშ-ის კონსტიტუციას, რომელიც კონგრესს ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას ფედერალურ ხარჯებში.

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დააკმაყოფილა „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ მოთხოვნა და აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM-ის) მიერ საგრანტო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მოქმედება დროებით შეაჩერა, სანამ დავის განხილვას არ დასრულდება.

29 აპრილს ვაშინგტონის ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ, როის ლამბერტმა USAGM-ს დაავალა „რადიო თავისუფლებისათვის“ კონგრესის მიერ დამტკიცებული თანხის გადარიცხვა.

7 მაისს სააპელაციო სასამართლოს სამმოსამართლიანმა კოლეგიამ 2-1 ხმით შეაჩერა ლამბერტის ბრძანების მოქმედება სააპელაციო საჩივრის განხილვამდე, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, 11 წევრისგან შემდგარმა სასამართლომ რადიო თავისუფლების საგანგებო შუამდგომლობის პასუხად შეაჩერა კოლეგიის გადაწყვეტილება „სასამართლოს შემდგომი გადაწყვეტილების მიღებამდე“.