„რადიო თავისუფლებამ" აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს სასამართლოში უჩივლა

პუბლიკა

„რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებამ“ (RFE/RL) აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) სასამართლოში უჩივლა და უჩივლა ასევე მისი თანამდებობის პირებს, კერი ლეიკს და ვიქტორ მორალესს, რათა შეჩერდეს ფედერალური დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილება.

RFE/RL-ს საჩივარში ნათქვამია, რომ კონგრესის მიერ გამოყოფილ დაფინანსებაზე უარი არღვევს ფედერალურ კანონებს, მათ შორის აშშ-ის კონსტიტუციას, რომელიც კონგრესს ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას ფედერალურ ხარჯებში.

„ახლა იმის დრო არ არის, რომ ადგილი დავუთმოთ ამერიკის მოწინააღმდეგეთა პროპაგანდასა და ცენზურას. მიგვაჩნია, რომ კანონი ჩვენს მხარესაა და მთელ მსოფლიოში დესპოტების მიერ ჩვენი დაშლის ზეიმი ნაადრევია”, – განაცხადა RFE/RL-ს პრეზიდენტმა სტივენ კაპუსმა.

14 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც შვიდი ფედერალური სააგენტოს შემცირებას ითვალისწინებს, მათ შორის არის ისეთი სააგენტოები, რომლებიც მედიის, ბიბლიოთეკების, მუზეუმებისა და უსახლკარობის პრობლემის აღმოფხვრის საკითხებზე მუშაობენ.

ტრამპმა განკარგულება გასცა, რომ ეს უწყებები „მაქსიმალური მასშტაბით დაუქვემდებარონ შემცირებას”. ბრძანების მიხედვით, მათ უნდა „შეამცირონ თავიანთი კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციები და შესაბამისი პერსონალის საქმიანობა”. სააგენტოებს შორის ერთ-ერთია აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო (USAGM), რომელიც ზედამხედველობას უწევს „რადიო თავისუფლებას” და სხვა ფედერალურ მაუწყებლებს.

ფედერალური საგრანტო შეთანხმების შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების” (RFE/RL) პრეზიდენტი, სტივენ კაპუსი 16 მარტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ შეთანხმების გაუქმება არის „საჩუქარი ამერიკის მტრებისთვის”.