ევროკავშირი საქართველოს 2014-2020 წლებში ჯამში 938.4 მილიონი ევროთი დაეხმარა

პუბლიკა

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში 2014-2020 წლების განმავლობაში ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის შეფასების ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მსხვილი დონორია. ფინანსური მხარდაჭერის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა – 2015 წელს გამოყოფილი 150 მილიონი ევროდან 2020 წელს მხარდაჭერამ 225 მილიონ ევროს მიაღწია.

2014-2020 წლებში, ევროკავშირი საქართველოს საერთო ჯამში 938.4 მილიონი ევროთი დაეხმარა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, შემფასებელთა დამოუკიდებელი ჯგუფი ევროკავშირის საქართველოსთვის 2014-2020 წლებში განვითარებაზე მიმართული დახმარების ყოვლისმომცველ შეფასებაზე ბოლო ორი წლის განმავლობაში მუშაობდა.შეფასება მოიცავდა 2 000-ზე მეტი დოკუმენტის განხილვას და ინტერვიუებს 100-მდე პირთან, რომელიც ევროკავშირის საქმიანობას იცნობდა.

შეფასების შედეგად დადგინდა, რომ ევროკავშირის თანამშრომლობა საქართველოსთან იყო სტრატეგიულად გამართული და მისი დაგეგმვა და განხორციელება მყარ ინსტიტუციურ სტრუქტურებს ეყრდნობა.ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოსთან თანამშრომლობისას გამოყენებულია ინსტრუმენტების, მეთოდებისა და დაფინანსების არხების ფართო სპექტრი.

„მიღწეულ იქნა წინსვლა, რამაც ხელი შეუწყო ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ზრდას და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი კარგად წარიმართა. შეფასება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსახლეობის ნდობა ევროკავშირის მიმართ მაღალი რჩება.

თუმცა, ევროკავშირის პროგრამების ხილვადობა შეფასების პერიოდის ადრეულ ეტაპებზე პრობლემური იყო, მაგრამ ევროკავშირის წარმომადგენლობამ მის გასაუმჯობესებლად ზომები მიიღო. ასევე, ხარვეზებს შორის დაფიქსირდა შეზღუდული წინსვლა როგორც სასამართლო რეფორმის, ასევე ადამიანის უფლებების მხრივ”, – ნათქვამია შეფასები დოკუმენტში.

შეფასების ჯგუფის მიერ ასევე გაიცა რეკომენდაციები, რომლის გაცნობაც შესაძებელია ბმულზე.