ევროკავშირი საქართველოს სოფლების ინტერნეტით დაფარვისთვის 34 მლნ ევროთი დაეხმარება

პუბლიკა

სოფლების ინტერნეტით დაფარვისთვის ევროკავშირი საქართველოს 34 მილიონი ევროთი დაეხმარება.

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პარალელურად ევროკავშირმა საქართველოსთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც ევროპის საინვესტიციო ბანკმა 34 მილიონის ინვესტიცია უნდა ჩადოს საქართველოში ინტერნეტ ქსელის გაფართოებისთვის.

„ეს ინვესტიცია სწრაფ და ხარისხიან ინტერნეტზე წვდომას მისცემს საქართველოს 1000-ზე მეტ სოფელსა და დასახლებაში მცხოვრებ საქართველოს 500 000 მოქალაქეს.

ინვესტიცია ასევე ითვალისწინებს 5 000 კილომეტრის სიგრძის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანას და ღია წვდომას უზრუნველყოფს იტნერნტკომუნიკაციების ინფრასტრუქტურაზე საქართველოში არსებული სატელეკომუნიკაციო კომპანიებისთვის, რათა მათ სწრაფი ინტერნეტით მომსახურება შეძლონ მოქალაქეებისთვის,“ – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

ევროკავშირის განცხადებით, ეს პროექტი ერთ-ერთი იქნება საქართველოსთვის განკუთვნილი ხუთი წამყვანი ინიციატივიდან და დაეხმარება ქვეყანას ციფრული უთანასწორობის შემცირებასა და ეკონომიკის აღდგენაში პანდემიის შემდეგ.