ევროკავშირი SWIFT-დან 7 რუსულ ბანკს თიშავს

პუბლიკა

ევროკავშირმა ოფიციალურად გამოაქვეყნა იმ ბანკების სია, რომლებიც SWIFT-დან გაითიშებიან. მათ შორის არიან: „ბანკ ოტკრიტიე“, „ნოვინკომბანკი“, „ვნეშეკონომბანკი“, „რასია ბანკი“, „ვითიბი ბანკი“, „პრომსვიაზბანკი“ და „სოვკომბანკი“.

ეს სანქცია ძალაში ევროკავშირის ჟურნალში გამოქვეყნებიდან 10 დღის შემდეგ შევა და შეეხება ყველა იმ იურიდიულ პირსაც, რომლის საკუთრების უფლების 50 პროცენტს პირდაპირ ან არაპირდაპირ ეს ბანკები ფლობენ.

ევროკავშირმა მის მიერ დაწესებული სხვა სანქციებიც გამოაქვეყნა. მათ შორის, ევროკავშირი კრძალავს ევროს ბანკნოტის გაყიდვას და გაგზავნას რუსეთში ან ყველა იმ იურიდიულ პირთან, რომელიც დარეგისტრირებულია რუსეთში.

იკრძალება ინვესტირება, კონტრიბუცია და მონაწილეობა იმ პროექტებში, რომლებიც დაფინანსებულია რუსეთის საინვესტიციო ფონდის მიერ.

ევროკავშირის განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს სანქციები დაემატება მათ მიერ უკვე შემოღებულ სხვა შეზღუდვებს, მათ შორის, საჰაერო სივრცის დაკეტვასა და რუსული პროპაგანდისტული მედიაორგანიზაციების მაუწყებლობის აკრძალვას.