ევროკავშირის სამიტამდე ჯერ კიდევ არის დრო რაღაცების გამოსასწორებლად - ფონ კრამონი

პუბლიკა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ბრიუსელში, ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება. მისი თქმით, პოლიტიკოსებს ჯერ კიდევ აქვთ დრო „რაღაცების გამოსასწორებლად“ და საჭიროა დაიწყონ ამაზე მუშაობა.

„ევროკავშირის სამიტამდე ჯერ კიდევ არის დრო პოლიტიკოსებისთვის, რომ დაიწყონ რაღაცების გამოსწორება. შეწყვიტეთ ისეთი საუბარი, რომელიც პოლარიზებას იწვევს. დაუბრუნდით 19 აპრილის შეთანხმებას, დაიწყეთ სასამართლო სისტემის გამოსწორება, შეწყვიტეთ რუსული დეზინფორმაცია“, – წერს Twitter-ზე ევროპარლამენტარი.


ევროპარლამენტმა დღეს მიიღო რეზოლუცია „საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ“.

„ჟურნალისტების სიტყვიერი შაურაცხყოფისა და ცილისწამების შესახებ სარჩელების ზრდა მმართველი გუნდის მხრიდან, 5 ივლისის მოვლენები და ხელისუფლების რეაგირება, მუხთარლისა და გვარამიას საქმეები – ტექსტში მოყვანილია ის ძირითადი ფაქტები და საკითხები, რომლიდან გამომდინარეც ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუცია შეიმუშავეს.

რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, რომ განიხილონ პერსონალური სანქციების დაწესება ივანიშვილზე, საქართველოში პოლიტიკური პროცესების გაუარესებაში მისი როლის გამო. ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოხატავს ივანიშვილის დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ის ასრულებს საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში.