ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლად ვახტანგ მახარობლიშვილი დაინიშნა

პუბლიკა

ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლად და ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ვახტანგ მახარობლიშვილი დაინიშნა.

21 მარტს ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ნატალი საბანაძემ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გაავრცელა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვახტანგ მახარობლიშვილი დიპლომატიურ სამსახურში 2000 წლიდან სხვადასხვა პოზიციაზე საქმიანობდა.

2016 წლიდან იგი იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას, 2019 წლის 8 ივლისიდან კი დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ.

სამინისტროს ცნობით, იგი კურირებდა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებული პოლიტიკის განხორციელებას, ხელმძღვანელობდა ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის ფორმატებს, მათ შორის ასოცირების კომიტეტს, ასოცირების დღის წესრიგზე მოლაპარაკებებს, მაღალი დონის უსაფრთხოების სტრატეგიულ დიალოგს, ადამიანის უფლებებზე ევროკავშირთან დიალოგს და სხვა.

2012 -2016 წლებში, ვახტანგ მახარობლიშვილს გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ამასთან, 2013 წელს იგი გახლდათ საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული.

2005 -2009 წლებში, ვახტანგ მახარობლიშვილი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საელჩოსა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის უფროსი მრჩეველი გახლდათ, ხოლო 2009 – 2012 წლებში იგი მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ, შემდეგ კი დირექტორად. 2004 – 2005 წლებში, ვახტანგ მახარობლიშვილი მუშაობდა ევროპულ საქმეთა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ.