ვიმედოვნებ გაგრძელდება მოლაპარაკებები, საქართველო ვერ გაუძლებს ხანგრძლივ კრიზისს - საბანაძე

პუბლიკა

ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატა საბანაძე თანამდებობის დატოვების შემდეგ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს პირველად გამოეხმაურა.

საბანაძე „რადიო თავისულების“ ჟურნალისტის რიკარდ იოზვიაკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ წერს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში კრისტიან დანიელსონის მისიის გაგრძელებას ევროკავშირის მინისტრებმა მხარი დაუჭირეს.

„ვიმედოვნებ გაგრძელდება მოლაპარაკებები. საქართველოს ვერ გაუძლებს ასეთ ხანგრძლივი კრიზისს“, – წერს ნატა საბანაძე Twitter-ზე.


ნატა საბანაძემ თანამდებობა გუშინ დატოვა და თავისი გადწყვეტილების შესახებ ინფორმაცია Facebook-ით გაავრცელა.

„მივიღე გადაწყვეტილება დამეწერა განცხადება გადადგომის თაობაზე, რომელიც მინისტრმა დააკმაყოფილა. საქართველოს ევროპული მომავალი არის ის მიზანი რომლის მისაღწევად ყოველთვის ვიბრძოლებ. მე მჯერა ამ მიზნის; მჯერა იმიტომ კი არა რომ ევროკავშირის წევრობა პანაცეაა, არამედ იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი გზა რომელიც თავისუფლებას და ღირსებას შეგვინარჩუნებს.

მინდა მადლობა გადავუხადო საელჩოს თანამშრომლებს, ჩემს გუნდს, რომლებსაც ბევრს ვუმადლი და რომელთა თანადგომის და შრომის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. მათი მსგავსი საჯარო მოხელეები წარმოადგენენ ჩვენი სახელმწიფოს ღერძს, გასაფრთხილებელს და დასაფასებელს“, – წერდა საბანაძე Facebook-ზე.

ნატა საბანაძე ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელად, 2013 წლის მაისში დაინიშნა. იქამდე ის ჰააგაში, ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში, ეუთო-ს უმაღლესი კომისრის უფროს მრჩევლად მუშაობდა.

ეუთო-ს უმაღლესი კომისრის კაბინეტში, ის სხვადასხვა თანამდებობებზე – მათ შორის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების უფროსად, ხოლო შემდეგ კი, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის განყოფილების უფროსად მუშაობდა.