ევროკავშირის მინისტრებმა დანიელსონის მისიის გაგრძელებას საქართველოში „ძირითადად“ მხარი დაუჭირეს | რადიო თავისუფლება

პუბლიკა

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომა გაიმართა.

„რადიო თავისუფლება“ სხდომის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემის ბრიუსელელი კორესპონდენტის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა ევროკავშირის მინისტრებს, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ, უამბო საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული მოლაპარაკებების შესახებ.

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, სხდომაზე აღინიშნა, რომ ამ მოლაპარაკებამ ვერ მიაღწია წარმატებას. შესაბამისად, წამოიჭრა საკითხი კრისიტიან დანიელსონის მისიის გაგრძელების შესახებ, რასაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ძირითადად დაეთანხმნენ.

ბრიუსელელ კორესპონდენტზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ ის თუ როდის ჩამოვა საქართველოში დანიელსონი, ეს საკითხი ცოტა მოგვიანებით შარლ მიშელისა და კრისტიან დანიელსონის შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოფრინდა. ის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელია და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესების მედიაციაში ჩაერთო, რაც ოპოზოციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევას გულისხმობდა.

კრისტიან დენიელსონი ხვდებოდა ოპოზოციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს ცალ-ცალკე და ერთადაც. ბოლოს 18 მარტს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე  10-საათიანი შეხვედრის შემდეგ გამოსულმა დენიელსონმა განაცხადა, რომ  დარჩა გადაუჭრელი საკითხები და შეთანხმება ვერ შედგა.