ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი შემდეგ კვირაში გადმოგვეცემა ‒ საგარეო

პუბლიკა

„ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი უახლოეს მომავალში, კერძოდ, მომავალ კვირას გადმოგვეცემა“, ‒ ამის შესახებ „პუბლიკას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათი თქმით, კითხვარის მიღებით საქართველო გადადის ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში.

„საქართველო აქტიურად ემზადება წევრობის განაცხადის შემდგომი პროცედურისთვის. იცით, რომ ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით 1 აპრილს გაიმართა, კომისიას დაევალა, მათ შორის კითხვარის შევსების პროცესის ეფექტიანი კოორდიანაცია.

ჩვენ დარწმუნებულნი ვართ საქართველო წარმატებით გაართმევს თავს ამ პროცესს. ამის საფუძველს იძლევა ის პროგრესი, რაც საქართველოს აქვს, მათ შორის რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში. ის რომ საქართველო, ასოცირებულ ქვეყნებთან ერთად ასე მოკლე ვადაში იღებს გაწევრების კითხვარს, არის ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს ინტეგრაციული პროცესის მხარდაჭერის დასტური და ქვეყნის მიერ გატარებული წარმატებული რეფორმების აღიარება“, ‒ განუცხადეს „პუბლიკას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში.


3 მარტს საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანა. მანამდე ევროკავშირში გაწევრებაზე უკრაინამ და მოლდოვამ განაცხადეს.

10 მარტს საფრანგეთში ევროპის კავშირის ლიდერთა სამიტზე ევროკომისიას ეთხოვა, საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით შეფასების მომზადება, რის საფუძველზეც შეიძლება, მას მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი.

კითხვარი წარმოადგენს ევროკომისიის ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის გამოყენებითაც ევროკავშირის მიერ ხდება ევროკავშირში გაწევრების მსურველი ქვეყნის შეფასება კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად.