ევროკომისიის ანგარიში განაცხადია, რომ ივანიშვილის რუსული მმართველობა დაბრკოლებაა ევროკავშირის გზაზე - მელია

პუბლიკა

„ორი დღის წინ გამოქვეყნდა ევროკომისიის ანგარიში. დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს შანსს, მიიღოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი არსებული ხელისუფლების პირობებში. ამ დოკუმენტის მიხედვით, საქართველომ განიცადა უკუსვლა და რეგრესი დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის სფეროში“, –  განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში არჩევნები ყალბდება, თავს ესხმიან ჟურნალისტებს, სახალხო დამცველსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ქვეყანაში პოლიტიკური დევნაა და სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია. ეს არის კიდევ ერთი განაცხადი, რომ ივანიშვილის რუსული მმართველობა არის დაბრკოლება ევროკავშირის გზაზე.

მიუხედავად ამისა, ევროპა არ გვიწურავს იმედს, არ გვისპობს ევროპულ ქვეყნად ქცევის პერსპექტივას და მოგვიწოდებს 12 ნაბიჯის გადადგმისკენ, რაც გვაქცევს ევროპის ნაწილად. მაგრამ ევროპულ ქვეყნად ქცევის პერსპექტივას ყოველდღიურად გვაკარგვინებს უსამშობლოების პარტია – რუსული ოცნება“, – განაცხადა მელიამ.

13 აგვისტოს ევროკავშირმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც განხილულია საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით (AA) ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ანგარიში ასახავს პერიოდს ბოლო მოხსენების გამოქვეყნებიდან (2021 წლის 5 თებერვალი) საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 2022 წლის 6 სექტემბერს არის დაგეგმილი.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2021 წლის განმავლობაში და 2022 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება გრძელდებოდა, „თუმცა შეშფოთებას კვლავ იწვევს კანონის უზენაესობისა და მმართველობის საკვანძო სფეროები (მათ შორის სასამართლო სისტემა); ამასთანავე ადამიანის უფლებების მიმართებაში არსებითი უკუსვლა მოხდა“.

LB loan image desktop LB loan image mobile