ევროკომისიის პრეზიდენტმა ფაქტები აღწერა - ჰერჩინსკი ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაზე

პუბლიკა

ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინა- მოლდოვისა და საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით ფაქტები აღწერა.

„ევროკომისიის პრეზიდენტმა ფაქტები აღწერა. უკრაინას, მოლდოვას და დასავლეთ ბალკანეთის რამდენიმე ქვეყანას უკვე აქვს კანდიდატის სტატუსი, საქართველოს ამ მომენტისთვის არ აქვს კანდიდატის სტატუსი და ჩვენ ყველა ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი სწრაფად წაიწევს წინ”, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მისივე თქმით, გაფართოების ანგარიშის წარმოადგენამდე რამდენიმე კვირაა დარჩენილი და პუნქტების შესრულებაზე მუშაობა უნდა გაძლიერდეს.

„რამდენიმე კვირა კიდევ დარჩენილია და ვიმედოვნებთ, რომ ყველა ჩაერთვება, მუშაობა გაძლიერდება და გაფართოების ანგარიშის წარდგენამდე რაც შეიძლება მეტი პროგრესის მიღწევა მოხდება. ყველა პრიორიტეტი თანაბრად მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორც თქვენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისგან, ჯოზეფ ბორელისგან მოისმინეთ, ჩვენ განსაკუთრებით მოველით პროგრესს დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, სასამართლო სისტემის რეფორმაზე, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით და ზოგადად, რაც შეიძლება მეტ პროგრესს ყველა ფრონტზე.

ჯერ კიდევ არის რამდენიმე კვირა დარჩენილი გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნებამდე, რომელსაც, დაახლოებით, ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის უნდა ველოდოთ და შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის 27 წევრმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს, რომლებიც დეკემბრის ბოლოს გამართავენ შეხვედრას უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრემიერ-მინისტრებისა და პრეზიდენტების დონეზე და გადაწყვეტილებას ერთხმად მიიღებენ“, – განაცხადა ჰერჩისნკიმ.