„უკრაინის და მოლდოვის მომავალი EU-შია, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია პერსპექტივა" — ფონ დერ ლეიენი

პუბლიკა

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა თავის ყოველწლიურ გამოსვლაში საქართველოს შესახებ ისაუბრა. უფრო სწორად, აღნიშნა, რომ უკრაინისა და მოლდოვის მომავალი ევროკავშირშია, საქართველოსთვის კი ევროპული პერსპექტივაა მნიშვნელოვანი.

„ამაყად ვაცხადებ, რომ ევროკომისია წარადგენს წინადადებას, გაგრძელდეს ევროკავშირის დროებითი დაცვა უკრაინელებისთვის. უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება. ჩვენ მხოლოდ მიმდინარე წელს გავუწიეთ 12 მილიარდი ევროს დახმარება, რაც მათ ხელფასებისა და პენსიების გადასახდელად გამოიყენეს.

დავეხმარეთ, რათა საავადმყოფოებმა, სკოლებმა და სხვა სერვისებმა მუშაობა გააგრძელონ და ჩვენი სასწრაფო წინადადებით ვაძლიერებთ საბრძოლო მასალის წარმოებას უკრაინისთვის.

უფრო შორსაც ვიხედებით და სწორედ ამიტომ კიდევ 50 მილიარდ ევროს გამოვყოფთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ინვესტიციებისა და რეფორმებისთვის.

ჩვენ დავეხმარებით უკრაინას, ააშენოს თანამედროვე და აყვავებული ქვეყანა და ეს მომავალი ძალიან ცხადად ჩას.

ევროკომისია ხმამაღლა ამბობს: უკრაინის მომავალი ჩვენს კავშირშია;

დასავლეთ ბალკანური ქვეყნების მომავალი ჩვენს კავშირშია.

მოლდოვის მომავალი ჩვენს კავშირშია.

და ვიცი, როგორი მნიშვნელოვანია საქართველოში უამრავი ადამიანისთვის ევროკავშირის პერსპექტივა“. – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკომისია დეკემბერში იმსჯელებს. EU-მ საქართველოს კანდიდატის სტატუსზე უარი 2022 წლის 24 ივნისს ერთხელ უკვე უთხრა და გადაწყვეტილების გადახედვის პირობად 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება დაავალა.