„ევროპამ ახლა უნდა იმოქმედოს" - ზურაბიშვილმა ლიეტუვის სეიმს მიმართა

პუბლიკა

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა ლიეტუვის სეიმში და დეპუტატებს მოქმედებისკენ მოუწოდა. ის ამბობს, რომ თუ ევროპა ახლა არ იმოქმედებს და საქართველოს რუსეთის ხელში დაბრუნებას დაუშვებს, ეს სტრატეგიული კატასტროფა იქნება სრულიად ევროპისთვის.

მან სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა იმ რეპრესიებზე, რასაც „ქართული ოცნება” მიმართავს და თქვა, რომ ეს ყველაფერი უფრო დიდი გეგმის ნაწილია, რომელსაც მოსკოვი ხელმძღვანელობს და რომლის მიზანი შავ ზღვაზე კონტროლის დაბრუნებაა.

„დღეს საქართველოში ჩვენ ვართ რეპრესიების ქვეშ მყოფი ერი: უდანაშაულო ადამიანებს, ჟურნალისტებს, მსახიობებს, სტუდენტებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკურ ლიდერებს უსამართლოდ აბრალებენ დანაშაულებს და ცრუ ბრალდებებით ასამართლებენ. ხელისუფლება, რომელიც რუსულ ტაქტიკას იმეორებს, სამართლებრივ და პოლიციურ სისტემას მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს. ცნობილი საქმეა მზია ამაღლობელის, ჟურნალისტის, რომელიც დააპატიმრეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის თავის საქმეს აკეთებდა და საპროტესტო აქციებს აშუქებდა. სტუდენტები და მსახიობები, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილეობდნენ, ჯგუფური ძალადობის ცრუ ბრალდებით გაასამართლეს. ეს ადამიანები არ არიან კრიმინალები, ისინი ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან, რომლებიც თავისუფლებას ემხრობიან – დღევანდელ საქართველოში დემოკრატიაში რწმენა საკმარისია, რომ ციხეში აღმოჩნდე.

1937 წელი დღეს ისე ახლოს ჟღერს, როგორც არასდროს. რეპრესიებია არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ფინანსურიც […] ეს მხოლოდ დემოკრატიის ეროზია არ არის – ეს მისი სისტემატური განადგურებაა, რაც სახელმწიფოს ფაქტობრივ დაშლას გულისხმობს. დამოუკიდებელი ინსტიტუტები აღარ არსებობს. პარლამენტი რეალურად აღარ ფუნქციონირებს – ოთხი თვეა, არც ერთი ნამდვილი დებატები არ გამართულა. დამოუკიდებელი სამინისტროები აღარ არის. ხელისუფლებას კი ერთი პარტია აკონტროლებს, თუმცა რეალურად ეს არის ერთი ადამიანის მმართველობა.

საქართველოს დამოუკიდებლობა დღეს ალყაშია მოქცეული. მაგრამ ეს მხოლოდ საქართველოს საკითხი არ არის – ეს ევროპისთვის გამოცდაა. საქართველოში მიმდინარე მოვლენები ბევრად დიდი გეგმის ნაწილია, რომელსაც მოსკოვი ახორციელებს, რათა აღადგინოს კონტროლი შავი ზღვაზე […] ევროპამ ახლა უნდა იმოქმედოს. თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ საქართველო კვლავ რუსეთის ხელში აღმოჩნდეს, ეს არა მხოლოდ ჩემი ქვეყნის ტრაგედია, არამედ სტრატეგიული კატასტროფა იქნება მთელი ევროპისათვის”, – თქვა ზურაბიშვილმა.