ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი რასა იუკნევიჩიენე აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის განახლების შეთავაზება ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობის ფონზე სანდო ვერ იქნება.
ევროპარლამენტის წამყვანი წევრები გამოეხმაურნენ ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე მიმდინარე საკონსტიტუციო პროცესს.
მათი შეფასებით, ევროკავშირთან დიალოგის შეთავაზება საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის დემონტაჟის მცდელობის საფარია.
„ცნობად ვიღებთ ირაკლი კობახიძის მოწოდებას ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის გამართვის შესახებ. ევროპას დიალოგი არასოდეს დაუხურავს, მას შინაარსი „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცალა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროპარლამენტარები მიუთითებენ, რომ 2024 წლის ნოემბერში მმართველმა პარტიამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ცალმხრივად შეაჩერა, საკუთარი კონსტიტუციისა და ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. მათი თქმით, ამის შემდეგ ევროკავშირის ინსტიტუტების თითოეულ რეკომენდაციას ხელისუფლებამ ახალი რეპრესიული კანონებით, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობითა და ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების დაპატიმრებით უპასუხა.
განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ხელისუფლებასთან ოფიციალური კონტაქტების შეზღუდვის შესახებ ამ ნაბიჯების შედეგი იყო და არა მათი მიზეზი.
„ჩვენი კარი ყოველთვის ღია იყო ქართველი ხალხის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ოპოზიციისთვის. ხელისუფლებისთვის კი ეს კარი იმ დღეს გაიღება, როდესაც მისი ქმედებები და არა სიტყვები დაადასტურებს დემოკრატიის, თავისუფლებისა და ევროპული კურსისადმი დაბრუნებას“, — აცხადებენ ევროპარლამენტარები.
ევროპარლამენტარების შეფასებით, პოლიტიკური დიალოგის ინიციატივის წარდგენის დრო განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან ის ემთხვევა პერიოდს, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელზე მოსმენებს იწყებს. სარჩელი ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითვალისწინებს, მათ შორის იმ უკანასკნელი ოპოზიციური პარტიის, რომელსაც პარლამენტში წარმომადგენლობა ჯერ კიდევ აქვს.
„ხელისუფლება, რომელიც პოლიტიკური ოპონენტების კანონგარეშე გამოცხადებას ცდილობს, ამავდროულად ვერ წარმოაჩენს თავს დიალოგისთვის სანდო პარტნიორად. ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის ეს შეთავაზება სხვა არაფრად შეიძლება მივიჩნიოთ, თუ არა საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის დემონტაჟის მცდელობის საფარად“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროპარლამენტარები მიუთითებენ, რომ 2026 წლის 8 ოქტომბრის რეზოლუციით ევროპარლამენტმა მკაცრად დაგმო ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობები და ხელისუფლებას საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გაწვევისკენ მოუწოდა.
მათი შეფასებით, დამკვიდრებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ერთპარტიული სისტემისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა, რუსეთისა და ბელარუსის მაგალითების მსგავსად. მათი თქმით, ეს საქართველოს ევროკავშირისგან კიდევ უფრო დააშორებდა და გაწევრიანების მიმართულებით ნებისმიერ წინსვლას გამორიცხავდა.
„დღემდე არაფერი შეცვლილა“, – აღნიშნავენ განცხადების ავტორები.
ევროპარლამენტარების განცხადებით, საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ ევროპარლამენტის პოზიცია მკაფიო და თანმიმდევრულია. ისინი მხარს უჭერენ ქართველ ხალხს და მის აბსოლუტურ უმრავლესობას, რომელიც ევროპულ მომავალს ემხრობა – მომავალს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაშია განმტკიცებული.
ამასთან, განცხადების ავტორების განცხადებით, ისინი არ აღიარებენ ხელისუფლებას, რომელიც, მათი შეფასებით, 2024 წლის ოქტომბრის ხარვეზებით ჩატარებული არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა.
ევროპარლამენტარების თქმით, ევროკავშირთან ურთიერთობების რეალური აღდგენა ხელისუფლების მიერ შემდეგი უპირობო ნაბიჯების გადადგმას უნდა ეფუძნებოდეს:
- ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას;
- იმ კანონების გაუქმებას, რომლებიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიასა და პოლიტიკურ საქმიანობას, მათ შორის იმ შეზღუდვების გაუქმებას, რომლებმაც ევროპული პოლიტიკური ფონდები აიძულა, ქვეყანა დაეტოვებინათ;
- ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დევნის შეწყვეტას;
- ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების გზის უზრუნველყოფას.
ევროპარლამენტარები ევროკავშირის საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებენ, საბოლოოდ აამოქმედონ ხელშესახები ზომები, მათ შორის, მიზნობრივი სანქციები ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმის, ე.წ. ევროკავშირის „მაგნიტსკის აქტის“, ან სხვა სანქციების რეჟიმის ფარგლებში.
მათი მოთხოვნა ეხება იმ პირებს, რომლებიც, განცხადების ავტორების შეფასებით, პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევებსა და საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე.
„თუ ბატონი კობახიძე სერიოზულად არის განწყობილი ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის განახლების მიმართ, მან იცის, საიდან უნდა დაიწყოს ამის დასამტკიცებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.