ევროპარლამენტი თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ რეზოლუციას ხვალ, 23 ნოემბერს კენჭს უყრის.
მანამდე კი, დღეს – პლენარულ სხდომაზე დებატები გაიმართება.
რეზოლუციის ავტორები არიან ევროპარლამენტარები: მირიამ ლექსმანი, დევიდ მაკალისტერი, მაიკლ გალერი, ანტონიო ლოპეს-ისტურიზ უაიტი, დევიდ ლეგა, ტომ ვანდენკენდელაერი, ვლადიმირ ბილჩიკი, ვანგელის მეიმარაკისი, ტომას ზდეჩოვსკი, ივან შტეფანეცი, იანინა ოჩოისკა, მიქაელა შოდროვა, პიტერ პოლაკი, ჟირი პოსპიშილი, ჟელიანა ზოვკო.
რეზოლუციის ტექსტის თანახმად:
- „ვინაიდან 2023 წლის 6 ნოემბერს რუსული საოკუპაციო ძალების წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი – გაიტაცეს;
- ვინაიდან რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციას, არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე, როგორც ევროკავშირის შუამავლობით მიღებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას;
- ვინაიდან საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს ეთნიკური დისკრიმინაცია და ქართველთა უფლებების სხვა სერიოზული დარღვევები, მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა, გავლებულია ე.წ. საოკუპაციო ხაზი, ხდება უკანონო დაკავება, საქართველოს მოქალაქეების გატაცება და მკვლელობა;
ევროპარლამენტი:
- სამძიმარს უცხადებს თამაზ გინტურის ოჯახს; კატეგორიულად გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების მიმართ ძალის გამოყენებას;
- ხაზს უსვამს, რომ თამაზ გინტურის მკვლელობა, ისევე როგორც ქართველი დევნილების: არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის სასტიკი მკვლელობები, ასევე ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვა რუსეთის სამხედრო ბაზაზე ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პირდაპირი შედეგია.
- მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას, რაც საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა, ასევე, გმობს ამ რეგიონების უკანონო „ბორდერიზაციას“; მკაცრად გმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ეთნიკური ჯგუფების დისკრიმინაციას, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების დარღვევას, უკანონო დაკავებებს, გატაცებებს და ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას;
- გამოხატავს მუდმივ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; მოუწოდებს, განაგრძოს ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის შეწყვეტისკენ;
- იმეორებს, რომ ევროკავშირი ერთგულია აზრისა, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის კონფლიქტი მშვიდობიანად დასრულდეს. ამისთვის იყენებს ყველა ხელმისაწვდომ ინსტრუმენტს, მათ შორის სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ კავკასიის რეგიონში და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმებს; ევროკავშირის მონიტორინგის მისიას საქართველოში, ასევე არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას;
- მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, რომლებიც გამომდინარეობს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებიდან, კერძოდ – გაიყვანოს ყველა სამხედრო და უსაფრთხოების ძალები 2008 წლის ომამდე არსებულ პოზიციებზე და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მისცეს შეუზღუდავი წვდომა, იმუშაოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თავისი მანდატის შესაბამისად”.