ევროპარლამენტი: საქართველო არ არის მიწვეული გაფართოების საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომაზე

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტი არ არის მიწვეული გაფართოების საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 24 ივნისს ევროპარლამენტში გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ „ევროსკოპი“ ავრცელებს.

„ევროსკოპმა“ ევროპარლამენტის პრესსამსახურს მიმართა შეკითხვით, მიიწვიეს თუ არა საქართველოს პარლამენტის სხდომაზე.

„ევროპარლამენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ აღიარებს საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმურობას და არც მის მიერ დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმურობას.

ევროპარლამენტმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან პოლიტიკური კონტაქტები მხოლოდ მკაცრი აუცილებლობის საკითხებით შემოიფარგლოს, ხოლო ამავდროულად შენარჩუნდეს და გაძლიერდეს თანამშრომლობა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან, დამოუკიდებელ მედიასთან და აკადემიურ ინსტიტუტებთან.

ევროპარლამენტი სრულ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, რომელიც აგრძელებს ბრძოლას ევროპული და დემოკრატიული საქართველოსთვის”, – ნათქვამია ევროპარლამენტის მიერ „ევროსკოპისთვის“ გაგზავნილ პასუხში.

24 ივნისს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი გაფართოების საკითხებზე პარლამენტთაშორის კომიტეტის სხდომას უმასპინძლებს. შეხვედრას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და გაფართოების ქვეყნების ეროვნული პარლამენტების 50-ზე მეტი წევრი დაესწრება. ორივე სესია დაეთმობა ევროკავშირში გაწევრების პროცესში პარლამენტების როლზე საუბარს.