ევროპარლამენტი უკრაინის კანდიდატობის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას გეგმავს - იოზვიაკი

პუბლიკა

„რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის თქმით, ევროპარლამენტი გეგმავს, რომ მხარი დაუჭიროს უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. ევროპარლამენტი მიმართავს ევროკავშირის სტრუქტურებს, რომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება.

„ევროპარლამენტი ხვალ გეგმავს არასავალდებულო რეზოლუციის მიღებას, რომლითაც მიმართავს ევროკავშირის სტრუქტურებს, რომ უკრაინას მიანიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამისთვის საჭიროა 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა და დღეისთვის საერთო თანხმობა არ არის“, – წერს რიკარდ იოზვიაკი.

დღეს უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიჰალმა განაცხადა, რომ უკრაინა გეგმავს გააკეთოს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.

ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის ვანო ჩხიკვაძის თქმით, წევრობაზე განაცხადის შესახებ გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანა ერთგვერდიან დოკუმენტს ავსებს, რის შემდეგაც, სტანდარტული პროცედურის მიხედვით, ევროკავშირის კომისია ამზადებს დასკვნას და ქვეყნები ერთხმად იღებენ გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

„ჩემი ინფორმაციით, არიან ქვეყნები, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებიან. ვფიქრობ, გერმანია შეძლებს, დაარწმუნოს ისინი“ – ამბობს ვანო ჩხიკვაძე „პუბლიკასთან“.