ევროპარლამენტის დელეგაცია ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის (AFET) დელეგაციას შეხვდა.

მთავრობის პრესსამსახურის გავრცელებული ინფორმაციით, ღარიბაშვილმა ჯერ ევროპარლამენტარ დევიდ მაკალისტერთან პირისპირ შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც მოლაპარაკება გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.

მათი ცნობით, პრემიერ-მინისტრი მიესალმა ევროპელი დეპუტატების ვიზიტს საქართველოში და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, აგრეთვე რეგიონში არსებული ვითარების ფონზე. საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივას.

„ყურადღება დაეთმო ევროპული საბჭოს 23 ივნისის ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, როგორც იმ პროგრესის აღიარებას, რომელსაც საქართველომ მიაღწია დამოუკიდებლობის აღდგენიდან 3 ათწლეულის განმავლობაში, გარდამავალი დემოკრატიის პირობებში.

პრემიერმა აღნიშნა, რომ სამწუხაროა ის დიფერენცირებული მიდგომა, რომელიც გამოიყენეს საქართველოს მიმართ, როდესაც ქვეყანას არ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად, თუმცა საქართველოს მთავრობამ ფაქტობრივად უკვე დაიწყო ევროპის საბჭოს 23 ივნისის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული 12 პრიორიტეტის განხორციელება“, – ნათქვამია პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების განსახორციელებლად უმნიშვნელოვანესია ინკლუზიური პროცესი და ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის ჩართულობა, რომ ეს არის საერთო პასუხისმგებლობა, რომელიც ყველამ უნდა გაიზიაროს ქვეყნის შიგნით.

პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ასევე აღნინიშნა, რომ საქართველო მუშაობს ასოცირების შეთანხმებით და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებზე. საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ რეგიონში ჰუმანიტარულ და უფლებრივ მძიმე მდგომარეობას.

„აღინიშნა ევროპარლამენტის მხარდაჭერა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გამოითქვა იმედი, რომ ევროკავშირი ყველა შესაბამის ფორმატში დააყენებს აღნიშნულ საკითხს.

აგრეთვე, პრემიერმა ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანად გამოყენების მნიშვნელობას.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების ერთგულება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი. ითქვა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის საიმედო პარტნიორი და ერთგული კონტრიბუტორი მიმდინარე ოპერაციებში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და ზოგადად, რეგიონში არსებულ ვითარებას, რომელსაც გავლენა აქვს საქართველოზე. აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი და კომიტეტის წევრები – ზელიანა ზოვკო, სვენ მიქსერი, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი, ტიერი მარიანი და ასიტა კანკო, ხოლო საქართველოს მხრიდან – საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.

ევროპარლამენტის დელეგაცია ამჯერად „ქართულ ოცნებას“ შეხვდება.