ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ კრიტიკული ანგარიში განიხილეს

პუბლიკა

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ ყოველწლიურ ანგარიში განიხილეს. 

ანგარიში საქართველოს შესახებ მუდმივმა მომხსენებელმა, რასა იუკნევიჩიანემ მოამზადა და წარადგინა. 

წარდგენამდე საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერმა თქვა, რომ „სამწუხაროდ, საქართველო აგრძელებდა დრამატულ დემოკრატიულ უკუსვლას. მან ახსენა ევროკომისიის გაფართოების ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ „ეს არის ყველაზე ცუდი ანგარიში, რაც ოდესმე მომზადებულა კანდიდატი ქვეყნის შესახებ“. მაკალისტერის თქმით, ყველანაირ უკუსვლაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება. 

„ევროპარლამენტი ყოველთვის მხარს უჭერდა და უჭერს ქართველ ხალხს და მათ ლეგიტიმურ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, – თქვა მაკალისტერმა. 

EPP-ის წევრმა, რასა იუკნევიჩიანემ „ღრმა იმედგაცრუებით“ თქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ, ფაქტობრივად, უკუაგდო საქართველოს ევროპული გზა“.

„მაშინ, როცა ამტკიცებენ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია სტრატეგიულ მიზნად რჩება, მაღალჩინოსნები და ხელისუფლებასთან დაკავშირებული მედიები აწარმოებენ სისტემურ ანტიევროპულ კამპანიას, რომელიც ეფუძნება დეზინფორმაციას და კონსპირაციულ ნარატივებზე.

ანგარიში ხაზს უსვამს მიზნობრივი სანქციების მნიშვნელობას მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე. ეს ეხება ბიძინა ივანიშვილსა და სხვა საკვანძო პირებს.

არ მიკვირს, რომ ვიქტორ ორბანმა მხარი დაუჭირა ამ პრორუსულ მთავრობას. თუმცა, ღრმად ვწუხვარ, რომ დიდმა წევრმა სახელმწიფოებმა ვერ შეძლეს სანქციების უფრო ადრე დაწესება. ეს იყო მძიმე შეცდომა. ჩვენც თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ. ევროკავშირმა ვერ იმოქმედა მაშინ, როცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

ანგარიში გვაფრთხილებს, რომ რეპრესიების გაგრძელებამ, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობამ და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვამ, საბოლოოდ, შესაძლოა უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოიწვიოს, რაზეც სრული პასუხისმგებლობა მმართველ ხელისუფლებას დაეკისრება. 

მინდა შეგახსენოთ, რომ სახაროვის პრემიის ლაურეატი მზია ამაღლობელი ციხეში რჩება. ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას მისი და სხვების თავისუფლებისთვის“, – თქვა რასა იუკნევიჩიანემ. 

გერმანელმა ევროპარლამენტარმა სოციალ-დემოკრატების პარტიიდან, ტობიას კრემერმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს საკუთარი ხალხის ევროპული ამბიციების დასაკნინებლად, რუსეთის გზას ადგას და ქვეყანას პუტინზე დამოკიდებულს ხდის, რაც ძალიან მოკლე ხედვის სტრატეგიაა. 

„როდესაც დემოკრატიული უკუსვლის დეფინიციას ვეძებთ, ლექსიკონი აღარ გვჭირდება, უბრალოდ თბილისში ჩაფრენაა საკმარისი.

„ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს საკუთარი ხალხის ევროპული ამბიციების დასაკნინებლად. ისინი რუსეთის გზას ადგანან და საკუთარ თავს პუტინზე დამოკიდებულს ხდიან. მიმაჩნია, რომ ეს მათი მხრიდან გეოპოლიტიკურად ძალიან მოკლე ხედვის სტრატეგიაა, ხოლო ხალხისთვის – საშინელი, რადგან მათ ახლა იმაზე ნაკლები თავისუფლება აქვთ, ვიდრე ოდესმე ჰქონიათ და არ შეუძლიათ თავისუფლად პროტესტი.

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ დემონსტრაციებისას პირველი მსოფლიო ომისდროინდელი ქიმიური იარაღიც კი გამოიყენა. ეს სრულიად მიუღებელი იქნება, თუკი BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დადასტურდება, თუმცა მტკიცებულებები ამაზე მიუთითებს“, – თქვა კრემერმა. 

მან ასევე ახსენა ევროკომისიის გაფართოების ანგარიში და აღნიშნა, რომ სიმართლეა მასში გაკეთებული განცხადება – ეს არის ყველაზე ცუდი ანგარიში კანდიდატი ქვეყნის შესახებ. 

„ერთადერთი, რაც საქართველოსთან მიმართებით ჯერ კიდევ იმედს იძლევა, ქართველი ხალხია. ეს არის ისეთი ადამიანების სიმამაცე, როგორიცაა მზია ამაღლობელი, რომელსაც სახაროვის პრემია სრულიად სამართლიანად გადავეცით. ესენი არიან ის ადამიანები, რომლებსაც საქართველოში ჩასვლისას ვხვდებით: ისინი, ვინც კვლავ გადიან ქუჩაში, მიუხედავად იმ საფრთხისა, რომლის წინაშეც დგებიან.

ასე რომ, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ შესწორებების წარდგენას, განსაკუთრებით იმისათვის, რომ ვნახოთ, როგორ შევიმუშაოთ ეფექტური სანქციები „ქართული ოცნების“ მთავრობის წინააღმდეგ ისე, რომ არ დავაზიანოთ საქართველოს მოსახლეობა. ჩვენი პოზიცია მკაფიოა: საქართველო ეკუთვნის ევროპას, „ქართული ოცნება“ კი – არა“, – თქვა კრემერმა

„მწვანეთა პარტიის“ წევრმა, ვილი სოვნდალმა განაცხადა, რომ საქართველოშ ყველა ძირითადი დემოკრატიული წესი სისტემატურად ირღვევა. 

„ისინი იყურებიან რუსეთისკენ, ეს მათი არჩევანია, მაგრამ ისინი გულწრფელები უნდა იყვნენ. საქართველოში არის შესანიშნავი მოსახლეობა, რომელიც აგრძელებს მათთვის დემოკრატიული უფლებების ჩამორთმევას. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ მამაც ახალგაზრდებს, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია მათ სცემს და ციხეში სვამს, მაინც აგრძელებს [პროტესტს]. მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა“, – თქვა მან. 

ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა ქართულ ოპოზიციაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ ანადგურებს ოპოზიცას, თუმცა, მათ უნდა სცადონ, საზოგადოებას შესთავაზონ პოლიტიკური ალტერნატივა ქვეყანაში დემოკრატიის დასაბრუნებლად. 

„ეს არის ერთ-ერთი ამოცანა, სადაც ჩვენ გვაქვს ვალდებულება დავეხმაროთ ამ პარტიებს, რათა სცადონ ამ დონის ურთიერთგაგების მიღწევა“, – თქვა ნაჩო სანჩეს ამორმა. 

ერთადერთი ევროპარლამენტარი, რომელმაც დღეს არ გაიზიარა პოზიციები საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე, იყო პოლონელი დეპუტატი გჟეგოშ ბრაუნი. ის არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ მიეკუთვნება. ბრაუნი ანტისემიტური და უკრაინის საწინააღმდეგო განცხადებებით გამოირჩევა და ევროსკეპტიკოსია.

მან დღევანდელ გამოსვლაშიც გააკრიტიკა ევროკავშირი და ილაპარაკა რუსული პროპაგანდისტული ნარატივებით – ახსენა „სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“ და „მშვიდობა“.

„ევროკავშირი ისევ გვმოძღვრავს და გვასწავლის დემოკრატიას. თქვენ ახსენებთ დემოკრატიულ უკუსვლას. იქნებ ეს უბრალოდ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაბრუნებაა? ამბობთ, რომ ეს რეგრესია – იქნებ გამოჯანმრთელებაა? იქნებ, უფრო და უფრო მეტი ადამიანი უბრუნდება საღ აზრს? ისინი უყურებენ. ისინი უსმენენ. მათ ესმით, რამდენად ცუდია ევროკავშირის პროექტი. ისინი ხედავენ ენერგიაზე ფასების ზრდას და ესმით ომის ქადაგება და ისინი უბრალოდ ირჩევენ მშვიდობას და სუვერენიტეტს. და როდიდან გახდა BBC ქიმიური იარაღის ექსპერტი? ალბათ, მას შემდეგ, რაც მსოფლიოს აფრთხილებდნენ სადამის ქიმიური იარაღის შესახებ. ასე რომ, გთხოვთ, მომაშორეთ BBC-ის ამბები“, – თქვა გჟეგოშ ბრაუნმა.

დღევანდელ სხდომაზე იმყოფებოდნენ ევროკავშირის წარმომადგენლები.

ჟან-ბატისტ ლე ბრამ, რომელიც საქართველოს საკითხებზე უშუალოდ მუშაობს, თქვა, რომ სამწუხაროდ, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ განაგრძო მტრული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ და განაგრძო სვლა არასწორი მიმართულებით.

ლე ბრას თქმით, ის განსაკუთრებით შეშფოთებულია უცხოური დაფინანსებისა და პოლიტიკური აქტივობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლებიც გასულ კვირას „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო. მან ეს კანონები სამოქალაქო და დემოკრატიული სივრცის შემდგომი შეზღუდვის მცდელობად შეაფასა.

მან გაიმეორა, რომ ევროკავშირმა მინიმუმამდე შეამცირა კომუნიკაცია „ქართულ ოცნებასთან“ და შეაჩერა დახმარება.

ამავე დროს აღნიშნა, რომ ევროკომისია მზადაა, განიხილოს საქართველოს დაბრუნება ევროკავშირში გაწევრების გზაზე, თუ საქართველოს ხელისუფლება გადადგამს სანდო ნაბიჯებს მათი მოქმედების კურსის შესაცვლელად.

საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის (EEAS) წარმომადგენელმა აიმერიკ დიუპონმა ასევე გაიზიარა შეფასება, რომ საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ვერ აკმაყოფილებს ევროკავშირის მოლოდინს კანდიდატი ქვეყნის მიმართ. მან შეშფოთებით აღნიშნა უკუსვლა კანონის უზენაესობის, დემოკრატიის და ადამიანის უფლებების კუთხით.

აიმერიკ დიუპონმა თქვა, რომ ამგვარი ქმედებებით „ქართულმა ოცნებამ“ დე ფაქტო შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი.

„ეს ქმედებები ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებას, მიუხედავად მათი გაცხადებული ამბიციებისა, შეუერთდნენ ევროკავშირს 2030 წლისთვის. ამ კონტექსტში, ჩვენ მკაფიო ვიყავით ხელისუფლების მიმართ ჩვენს მოლოდინებთან დაკავშირებით. ეს მოლოდინები გულისხმობს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებას, დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმების მიღებას ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად“, – თქვა აიმერიკ დიუპონმა.

მისივე განცხადებით, მოელის, რომ შეწყდეს აგრესიული ნარატივი ევროკავშირის, ევროკავშირის ელჩის და დელეგაციის წინააღმდეგ.

ანგარიშში, რომელიც ჯერაც ღიაა შესწორებებისთვის,  დაგმობილია დემოკრატიული უკუსვლა და „ქართული ოცნების“ ავტორიტარიზმისკენ სვლა, რეპრესიული კანონების მიღება და პოლიტიკოსების და მოქალაქეების დაპატიმრება; ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო კვლავ არ უერთდება რუსეთის, ბელარუსისა და ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აბსოლუტურ უმრავლესობას.

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ ანგარიშის პროექტის განხილვის შემდეგ დებატები გაიმართება, რის შემდეგაც კომიტეტი კენჭს უყრის შესწორებებსა და საბოლოო ტექსტს. კომიტეტში მხარდაჭერის შემთხვევაში, ანგარიში გადაეგზავნება პლენარულ სხდომას, სადაც ის განიხილება და საბოლოო კენჭისყრაზე გავა.