ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად სუბსიდირებული ავიაბილეთების გაყიდვა კვირის ბოლომდე დაიწყება - კობახიძე

პუბლიკა

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრებად მთავრობის მიერ სუბსიდირებული ავიაბილეთების გაყიდვა მიმდინარე კვირის ბოლომდე დაიწყება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დაახლოებით 2 000 გულშემატკივრისთვის პირდაპირი ფრენები უზრუნველყოფილი იქნება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ხოლო დაახლოებით 1 000 გულშემატკივრისთვის – ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ვსაუბრობდით ავიაბილეთების სუბსიდირებაზე, რომლებიც უკავშირდება გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე დასასწრებად განკუთვნილ ფრენებს. 18, 22 და 26 ივნისს გაიმართება საქართველოს ნაკრების მატჩები შესაბამის ქვეჯგუფში და ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ქართველი გულშემატკივარი დაესწროს ამ მატჩებს. ამისათვის კი მნიშვნელოვანია მგზავრობის გამარტივება და გაიაფება.

ამიტომ ჩვენ მივიღეთ უკვე ზომები და ხდება ჩარტერული რეისების სუბსიდირება, დანიშვნა სუბსიდირებით და ასევე ვახდენთ მთელი რიგი რეგულარული ფრენების სუბსიდირებას. ეს ფრენები მორგებული იქნება მატჩების თარიღებზე, პირდაპირი რეისები იქნება უზრუნველყოფილი გერმანიის ქალაქებში – დორტმუნდში, ჰამბურგში, კიოლნსა და დიუსელდორფში“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, მთლიანობაში, სუბსიდირებული ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ექნება 3 000 გულშემატკივარს.  ერთი გზის ფასი, სუბსიდირებით იქნება 195 ევრო, შესაბამისად, ორი გზის ფასი იქნება 390 ევრო.

„გულშემატკივარს ექნება საშუალება, რომ თვითონ ააწყოს საკუთარი მოგზაურობის განრიგი, მოარგოს საკუთარ განრიგს ბილეთები. მას შეუძლია დაესწროს ერთ, ორ ან სამ მატჩს და ექნება მოქნილობის სივრცე და შესაბამის ბილეთებს შეიძენს. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ამ ბილეთების შეძენას, ის მოქალაქეები, რომლებსაც შეძენილი აქვთ საფეხბურთო მატჩის ბილეთები.

ავიაბილეთის შეძენისას წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი მატჩის ბილეთი. ბილეთებს გასაყიდად გამოვიტანთ კვირის ბოლომდე შესაბამის ელექტრონულ პლატფორმაზე. ამის შესახებ უახლოეს დღეებში დეტალურ ინფორმაციას წარვუდგენთ საზოგადოებას. კვირის ბოლომდე გამოტანილი იქნება 3 000 ბილეთი გასაყიდად ელექტრონულ პლატფორმაზე. ერთი გზის ფასი იქნება 195 ევრო“, – განაცხადა პრემიერმა.