ევროპის მოედანზე „უცნობის“ ორგანიზებით მდუმარე აქცია იმართება - ფოტო

პუბლიკა

„გვსურს დავაფუძნოთ ქართველი ხალხის და საქართველოს მარადისობის დღე! ეს დღე უნდა იქცეს ტრადიციად და საშუალებად რათა ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში ხალმა შეძლოს საკუთარი ნების დაფიქსირება!“, – ევროპის მოედანზე, მომღერალი გია გაჩეჩილაძის (უცნობი) ორგანიზებით, „მდუმარე აქცია“ იმართება.  ადგილზე შეკრებილები ევროპის მოედნიდან მსვლელობით საპატრიარქოსთან გადაინაცვლებენ, საბოლოოდ კი ღონისძიება „დედაენის ბაღში” დასრულდება.

გია გაჩეჩილაძემ იქ შეკრებილებს მიმართა, რომ ეს არის „ინტელექტუალური პროტესტი“.

„ძალიან უნდათ და გვიწვევენ, რომ რუსთაველიდან მოხდეს ამ კარვების აყრა, იმ სუნიანი და გაბინძურებული კარვების აყრა. ყველამ ნახა, ვის უყვარს საქართველო და ვის არა. ელემენტარულად, ერთი დღით არ აალაგეს ეს კარვები, რომ ხალხი მისულიყო და პატივი მიეგო, მაგრამ არაუშავს. რაც მათ უნდათ, ჩვენ მათ მოედანზე არ ვითამაშებთ, ეს კარგად გაიგონ, ჩვენ ვართ ინტელექტუალური პროტესტის მომხრე და დავრჩებით ასე”- თქვა გია გაჩეჩილაძემ.

„ქართული საზოგადოება მშვიდად ვერ შეეგუება ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას, რადგან აშკარაა რომ ვართ სახიფათო ზღვარზე, რაც ნამდვილად არ წაადგება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს, მშვიდობას და სტაბილურ განვითარებას. საზოგადოება დაიღალა გაუთავებელი კინკლაობით და ფსევდო დაპირისპირების ყურებით.

ჩვენთვის მიუღებელია რომ მთელი პოლიტიკური სპექტრის და მედიასაშუალებების დღის წესრიგი აცდენილია ხალხის განწყობებს და სურვილებს. ჩვენ გვინდა ხელისუფლება, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას, საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას და რეალურ პრობლემებზე კონცენტრირებას.

ამავდროულად ვაცნობიერებთ, რომ ეს ამოცანა რთულდება მუდმივი დესტრუქციის პირობებში, პარტიებისა და მედიების ხელში, რომლებსაც ძალაუფლების დაბრუნების დაუოკებელი ჟინი ამოძრავებთ და ამისთვის ნებისმიერ ნაბიჯზე წამსვლელები არიან, თუნდაც ეს ქვეყანას საფრთხის ქვეშ აყენებდეს“,- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.