ევროპის სოციალისტური პარტია „ქართული ოცნებასთან" ურთიერთობას წყვეტს

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნება“ აღარ არის  PES-ის (ევროპის სოციალისტური პარტია) წევრი.

როგორც პარტის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში ვკითხულობთ, PES-ის პრეზიდენტმა განიხილა საქართველოში განვითარებული მოვლენები, გაიმეორეს წინა შეხვედრებზე გამოთქმული შეშფოთება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ პოზიციებზე და პარტიის ხელმძღვანელობის ბოლო საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით.

აქედან გამომდინარე, PES-ის ხელმძღვანელობამ დაადგინა, რომ ქართული ოცნების საქმიანობა და პოზიციები PES-ის ღირებულებებს მიღმა დარჩა. ამ გადაწყვეტილების გათვალისწინებით, PES-ის ხელმძღვანელობამ შესთავაზა პრეზიდენტს, რომ PES-მა შეწყვიტოს ყოველგვარი ურთიერთობა ქართულ ოცნებასთან, რაც დაუყოვნებლივ ამოქმედდება.


„ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტში მათი პარტნიორი პარტიის, „ევროპის სოციალისტური პარტიის“ (PES) დატოვების გადაწყვეტილება 11 მაისს მიიღო.

პარტიის სათავო ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ PES მათ გარიცხვით დაემუქრა იმიტომ, რომ მიიღეს მონაწილეობა იმ კონფერენციაში, რომლის დევიზი იყო „ღმერთი, სამშობლო, ოჯახი“. კობახიძე საუბრობს 4 მაისს უნგრეთში გამართულ კონსერვატიულ კონფერენციაზე.

მისი მტკიცებით, 2015 წლიდან, რაც „ოცნება“ PES-ის დამკვირვებელი წევრია, „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ არ გაუკეთებია არც ერთი მხარდამჭერი განცხადება, მისი ცალკეული წარმომადგენლები კი უერთდებოდნენ „რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურ კამპანიებს“, მხარს უჭერდნენ „აბსურდულ რეზოლუციებს ივანიშვილის სანქცირებაზე და დამნაშავეების გათავისუფლებაზე“.

კობახიძისვე თქმით, პარტია იდეოლოგიურ ტრანსფორმაციას განიცდის და გადადის ფსევდოლიბერალურ პლატფორმაზე. მისი თქმით, „ოცნებისთვის“ ამ პარტიასთან თანამშრომლობა ევროინტეგრაციის გზაზე კონტრპროდუქტიული იყო.