ევროპული ბანკების საჩივრების ორგანომ ნენსკრაჰესის პროექტი საერთაშორისო სტანდარტებისთვის შეუსაბამოდ ცნო

პუბლიკა

ორწლიანი გამოძიების შემდეგ, ორი უმსხვილესი ევროპული ბანკის გასაჩივრების მექანიზმმა სვანეთში დაგეგმილი ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტი საერთაშორისო სტანდარტებისთვის შეუსაბამოდ ცნო, – ინფორმაციას ამის შესახებ „მწვანე ალტერნატივა” ავრცელებს.

მათი განმარტებით, პროექტი ამავე საფინანსო ინსტიტუტების უსაფრთხოების პოლიტიკას და სტანდარტებს არღვევს.

საქმე ეხება ნენსკრაჰესის დამფინანსებელ, „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა” (EBRD) და „ევროპის საინვესტიციო ბანკის” (EIB) მოთხოვნებს, რომელთა მნიშვნელოვან ნაწილს პროექტი ვერ აკმაყოფილებს.

კერძოდ, დასკვენებში აღნიშნულია, რომ ნენსკრა ჰესი ბანკების სტანდარტებს არ შეესაბამება ისეთ ფუნდამენტურ საკითხებში, როგორებიცაა: ძირძველი მოსახლეობის უფლებები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, პროექტის ალტერნატივების შესწავლა, გენდერული საკითხები, ინფორმაციის გამჭვირვალობა, ნენსკრა ჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანიის წარმომადგენელთა კომპეტენცია.

გასაჩივრების მექანიზმების დასკვნებში აღნიშნულია, რომ EBRD-ის და EIB-ის მენეჯმენტმა ნენსკრაhესის პროექტი ბანკების დირექტორთა საბჭოებს დასამტკიცებლად ისე წარუდგინეს, რომ ის გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა.

აღნიშნული პრობლემების შესახებ EBRD-ისა და EIB-ის გასაჩივრების ორგანოებმა  გამოძიება 2018 წელს მათთან შესული საჩივრების შემდეგ დაიწყეს. მოსარჩლეები   იყვნენ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები „მწვანე ალტენრატივა“ და CEE Bankwatch Network.

ნენსკრას პროექტში ოთხი საერთაშორისო ბანკი მონაწილეობს. EIB-ი ჰესისთვის 150 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას აპირებს, EBRD-ი – 214 მილიონი აშშ დოლარის. პროექტში ჩართული არიან აზიის განვითარებისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკებიც.

გასაჩივრების მექანიზმების შესახებ

საერთაშორისო ბანკების გასაჩივრების მექანიზმები განიხილავს და წყვეტს, თუ რამდენად შეესაბამება ამ ბანკების მიერ დაფინანსებული პროექტების სტანდარტები მათსავე უსაფრთხოების პოლიტიკას გარემოსდაცვითი და სოციალური მიმართულებით.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) გასაჩივრების მექანიზმია  ბანკისგან დამოუკიდებელ ორგანო – „პროექტების ანგარიშვალდებულების დამოუკიდებელი მექანიზმი“ (IPAM), ხოლო ევროპის საინვესტიციო ბანკში (EIB)  ფუნქციონირებს  „საჩივრების მექანიზმი“ (CM) . სწორედ ამ ორმა ორგანომ გამოიძია ნენსკრა ჰესის პროექტი.

რა მოხდება ახლა – „ბანკებისგან შეცდომების გამოსწორებას მოითხოვენ”

„მწვანე ალტერნატივას” განმარტებით, მას შემდეგ, რაც მნიშვნელოვანი შეუსაბამობები დადგინდა, EBRD-ის და EIB-ის გასაჩივრების მექანიზმები ბანკების მენეჯმენტისგან შეცდომების გამოსწორებას ითხოვენ და მათთვის რეკომენდაციები მოამზადეს, მათ შორის: ხელახლა გამოიკვლიონ სვანების  შესაბამისობა ძირძველი მოსახლეობის სტატუსთან, შემუშავდეს პროექტის ალტერნატივები, სრულად შეისწავლონ ჰესისა და მის გარშემო არსებული და დაგეგმილი პროექტების კუმულაციური (ერთობლივი)  ზემოქმედება, პროექტის სოციალური და გენდერული ზემოქმედება, აგრეთვ ზეგავლენა არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობაზე; გაიზარდოს ნენსკრას მმართველი კომპანიის გარემოსდაცვითი და სოციალური გუნდის თანამშრომელთა ცოდნა, კომპეტენცია და უნარები.