ევროპული საბჭო: საქართველო თავდაცვის ძალების გაძლიერებისთვის 12.75 მილიონი ევროს მიიღებს

პუბლიკა

ევროკავშირის გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის ძალები „ევროპული სამშვიდობო ფონდიდან“ 12.75 მილიონი ევროს ღირებულების დახმარებას მიიღებს.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს დახმარება ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას, მათ შორის მათ უნარს, გაუწიონ თავიანთი მომსახურება მშვიდობიან მოსახლეობას კრიზისულ ან საგანგებო სიტუაციებში.

კერძოდ, დახმარება უზრუნველყოფს არალეტალურ სამედიცინო და საინჟინრო აღჭურვილობას და სამოქალაქო ტიპის მობილობის აქტივებს.

პროგრამის ფარგლებში, მოლდოვა 7 მილიონი ევროს, ხოლო ყველაზე მეტ 31 მილიონ ევროს უკრაინა მიიღებს. ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარების ფარგლებში უკრაინა შეძლებს „საინჟინრო, ლოგისტიკური, სამხედრო-საინჟინრო და მობილური ქვედანაყოფების გაძლიერებას.“