ყოფილი შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროპული საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა შეშფოთება გამოხატა მერაბიშვილზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე და მოუწოდა პასუხისმგებელ პირებს, ჩატარდეს დროული გამოძიება და მიიღონ ზომები.
საუბარია ვანო მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობაზე 2013 წელს, რაზეც ევროსასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე–18 მუხლი (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები), მე–5 მუხლის 1–ელ პუნქტთან ერთად (თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება).
ევროპული საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას მერაბიშვილი Facebook-ზე აქვეყნებს.
„მინისტრთა საბჭოს წევრებმა:
1. განაახლეს დისკუსია, მიმდინარე საქმეზე მე-5§3 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატებოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ წინასწარი პატიმრობის გაგრძელების შესახებ არასათანადოდ დასაბუთებულ სასამართლო გადაწყვეტილებაში. აგრეთვე მე-18 და 5§1 მუხლების ურთიერთდაკავშირებულ დარღვევასთან დაკავშირებით, რაც განპირობებული იყო წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივებული პერიოდის გენერალური პროკურორის მიერ არალეგალური მიზნებისათვის გამოყენებაში, კერძოდ კი – განეხორციელებინა ზეწოლა განმცხადებლის მიმართ, რაც მიზნად ისახავდა მის მიერ ისეთი ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც არ იყო კავშირში სისხლის სამართლის საქმესთან.
გამოძიებასთან მიმართებაში:
2. განაახლეს დისკუსია ძველ მიგნებებთან მიმართებაში, რომლებიც შეეხება ეფექტიანი გამოძიების შეფასების კრიტერიუმებს მე-18 მუხლის ყველა ასპექტში დარღვევაში პასუხისმგებელი პირების გამოვლენასა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით.
3. ხაზგასმით გაიმეორეს, რომ კითხვები კვლავ რჩება მიმდინარე გამოძიების დამოუკიდებლობასთან მიმართებაში, რომელსაც აწარმოებს გენერალური პროკურატურის ქვედანაყოფი. ეს აქტუალურია განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ სასამრთლოს ჰქონდა მიგნებები, რომლებიც შეეხებოდა წინა გამოძიებას, რომელსაც ასევე აწარმოებდა პროკურატურის იგივე დანაყოფი, იგივე ხელმძღვანელობის პირობებში 2016-17 წლებში. აგრეთვე აღინიშნა მოწოდება ხელისუფლების მიმართ, მოიწვიონ საერთაშორისო ექსპერტი, რომელიც რეკომენდებულია შეირჩეს სამდივნოსთან კონსულტაციების შედეგად.
4. გამოხატეს სერიოზული შეშფოთება გამოძიების მოწადინების, საფუძვლიანობასა და დროულობასთან მიმართებაში და მტკიცედ მოუწოდეს შესაბამის პასუხისმგებელ პირებს, უზრუნველყონ შესაბამისი ზომების დროული მიღება, რათა ყველა არსებული საკითხი ზედმიწევნით გაანალიზდეს და შესაბამისი ახსნა მოინახოს. მოთხოვნილი საგამოძიებო ღონისძიებები უნდა იყოს საფუძვლიანად შესრულებული და ყველა დასკვნა უნდა იყოს სათანადოდ მყარი.
ზოგად ზომებთან მიმართებაში:
5. მე-18 მუხლთან მიმართებაში სასამართლოს მიგნებების სერიოზულობისა და მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების გათვალისწინებით კიდევ ერთხელ მოუწოდეს პასუხისმგებელ პირებს, მოახდინონ იმპლემენტაცია იმ რეფორმებისა, რომლებიც მიზნად ისახავს პროკურატურის დამოუკიდებლობის, ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას, რომელიც დაეფუძნება იმ ნაბიჯებს, რომლებიც გადაიდგა 2018 წლის კონსტიტუციური ცვლილებების ფარგლებში და უზრუნველყოფს შემდგომ ეფექტურობას ევროპის საბჭოს შესაბამის რეკომენდაციების მიხედვით. აგრეთვე, სახელმწიფო ინსპექციის სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილების გაფართოებას იმ საქმეების ჩათვლით, რომლებშიც ევროპულმა სასამართლომ მე -18 მუხლის დარღვევა დაადგინა;
6. მოითხოვეს ხელისუფლებისგან, მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტული და მიზნობრივი ზომების შესახებ, განსაზღვრულ გრაფიკთან ერთად, ამ საქმის შემდეგი განხილვამდე, 1411-ე შეხვედრამდე“, – წერს მერაბიშვილი.
2017 წელს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ „საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა თავდაპირველად გამართლებული იყო, მაგრამ მოგვიანებით გამოყენებულ იქნა სხვა საქმეების თაობზე ინფორმაციის მოსაპოვებლად“.
მერაბიშვილი 2013 წლის მაისში თანხის მითვისება–გაფლანგვისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით მას სხვა ბრალდებებიც წაუყენეს, თუმცა მერაბიშვილი ყველა მათგანს უარყოფდა და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებდა. 2014 წელს მერაბიშვილი დამნაშავედ ცნეს და რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე, მათ შორის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გახმაურებულ საქმეზე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მან საპატიმრო 2020 წელს დატოვა.