„ევროპული საქართველო“ ამბობს, რომ ბიულეტენი ისეა მოხეული, რომ მათი საარჩევნო ნომერი არ ჩანს

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, ქართული ოცნების კომისიის წევრები გურჯაანში, 31-ე უბანზე ამომრჩევლისთვის ბიულეტენების გადაცემისას, ბიულეტენებს ისე ხევენ, რომ მასზე ევროპული საქართველოს ნომერი არის მოჭრილი.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა ამის შესახებ საჩივარი დაწერა, კომისიამ ის გააძევა უბნიდან. კაპანაძის შეფასებით, ეს მკაფიოდ არის კანონის დარღვევა.

გურჯაანის 31-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე ნინო კორკოტაშვილი „პუბლიკას“ განუმარტავს, რომ აღნიშნული მხოლოდ 2 ბიულეტენზე მოხდა. მისი თქმით, კომისიის წევრი, რომელსაც ბიულეტენთან შეხება ჰქონდა, არის მოხუცი და ვერ მოახერხა ბიულეტენის სწორად გადახევა. მისივე თქმით, აღნიშნული კომისიის წევრი უკვე შეცვალეს და დარღვევაზე რეაგირება მოხდა.

„პუბლიკა“ დაინტერესდა, როგორ გამოსწორდება ის ფაქტი, რომ ამომრჩეველმა უკვე ასე გადახეული ბიულეტენით ისარგებლა, კომისიის თავმჯდომარე გვეუბნება, რომ ამომრჩეველს პრეტენზია რომ ჰქონდა, მათ ბიულეტენს გამოუცვლიდნენ.

მსგავს დარღვევას ავრცელებს სოციალურ ქსელში ვაკის მაჟორიტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია.

„ვაკეში 54-ე უბანზე რეგისტრატორმა ისე მოხია ბიულეტენები, რომ 2 ნომერი და ჩემი გვარიც მიაყოლა, ვითომ არ ვარ“, – წერს ხოშტარია.

„პუბლიკა“ ვაკის 54-ე უბნის კომისიის თავმჯდომარეს მაგული ლოლაძეს დაუკავშირდა. მისი თქმით, „მოხდა ასეთი ჩეპე, მაგრამ ახლა ყურადღებით ვართ.

მისი თქმით, დაახლოებით 11 ბიულეტენზეა საუბარი, საჩივარიც დაწერილია. ის ამბობს, რომ ელენე ხოშტარიას წამომადგენელიც არის უბანზე და აკვირდება არჩევნებს.