„ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს“ ოფისში, ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართა ბრიფინგი, რომელზეც დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ პარტია ბოიკოტს პირველი მოსმენისთვის შეწყვეტს და 21 ივნისს საკონსტიუციო ცვლილებების განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს. დავით ბაქრაძემ გაიხსენა გასული წლის ნოემბრის მოვლენები, როცა საკონსტიტუციო პროექტი კენჭისყრაზე ჩავარდა და თქვა, რომ ამ ჯერზე ეს აღარ უნდა მოხდეს.

„ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა ოპოზიციამ, შეკრებისა და მსჯელობის შედეგად მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილება:

8 მარტის შეთანხმებას აქვს ორი კომპონენტი – პოლიტიკური პატიმრების გამოშვება და საარჩევნო სისტემის შეცვლა. ამ მომენტში არცერთი ეს კომპონენტი არ გახლავთ შესრულებული ბოლომდე.

იმისთვის, რომ ამ შეთანხმებას ჰქონდეს შესრულების პერსპექტივა; იმისთვის, რომ ხვალ „ოცნების“ მხრიდან არ ვიხილოთ ისეთივე გადაგდება, როგორც ვიხილეთ ნოემბერში, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „ევროპული საქართველო“ მონაწილეობას მიიღებს ხვალის სხდომაში და პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს”, – განაცხადა ბაქრაძემ.

ბაქრაძის თქმით, ამ გადაწყვეტილებით მიღწეული იქნება ორი ამოცანა: 1. გაჩნდება მეტი დრო, რომ შეთანხმება შესრულდეს პოლიტიკური დევნის ნაწილში და პორკურატურამ მიიღოს გადაწყვეტილება რურუას გამოშვებაზე; 2. ბაქრაძის თქმით, არ მისცემენ ივანიშვილსა და „ოცნებას“ საშუალებას, კიდევ ერთხელ მოატყუოს საზოგადოება პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით.

ბაქრაძე ამბობს, რომ პირველ მოსმენაში მონაწილეობა პრინციპულია, რადგან ხვალ თუ კანონპროექტი ჩავარდება, მისი განხილვა დასრულდება. „ხვალ გადაწყდება პროპორციული არჩევნების ბედიც, პოლიტპატიმრების საკითხიც და საქართველოში ნორმალური არჩევნების საკითხიც“, – განაცხადა ბაქრაძემ. „ევროპული საქართველოს“ წევრები აზუსტებენ, რომ ისინი მეორე და მესამე მოსმენაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ, თუ გიორგი რურუა საპატიმროდან არ გათავისუფლდება.

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადება და საპარლამენტო პარტიებს მოუწოდეს, მხარი დაუჭირონ საარჩევნო სისტემის ცვლილებას. გუშინ კი 8 მარტის პოლიტიკურ მოლაპარაკებებში ჩართულმა ელჩებმა მოუწოდეს მხარეებს, სრულყოფილად შეასრულონ 8 მარტის შეთანხმება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის მტკიცებით, მიუხედავად ენმ-ისა და „ევროპული საქართველოს“ პოზიციისა, კანონპროექტს ჩავარდნის საფრთხე არ ემუქრება.

მისი თქმით, „ქართული ოცნებიდან“ გარანტირებულად ცვლილებებს მხარს 92 დეპუტატი უჭერს, ასევე, „ქართულ ოცნებას“ კომუნიკაცია ჰქონდა სხვა დეპუტატებთან და მათი გათვლით ცვლილებებს 117-კაციანი მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს.